8 აგვისტო, ახალციხე (შეხვედრა 6)

8 აგვისტოს ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის ფარგლებში მეექვსე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემები:
•    კულტურულ პროცესში თანაბარი მონაწილეობისა და შედეგით სარგებლობის უფლების განხორციელება
•    ინტერკულტურული დიალოგის პრობლემები
•    კულტურული ასპექტების ეკონომიკური მნიშვნელობით გამოყენება
•    კულტურის მნიშვნელობა სოციალური ერთობისთვის
•    ენის მნიშვნელობა, ენობრივი მრავალფეროვნების, როგორც კულტურული მრავალფეროვნების ძირითადი ელემენტის, ხელშეწყობა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლებმა, კულტურის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ადგილობრივი ააიპ-ების და სსიპ-ის წარმომადგენლებმა , აქტივისტებმა და სტუდენტებმა.
პროექტისა და კონვენციის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მასში მაწილეობა ყველა დამსწრემ მიიღო. ისაუბრეს ახალციხის კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე, ასევე არსებულ პრობლემებზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიება ახალგაზრდობისთვის, მაგალითად, კონცერტები, დისკოთეკები, ძეგლების დათვალიერება, პოეზიის საღამოები, საქველმოქმედო აქციები; ასევე აღინიშნა ახალგაზრდა აქტივისტთა მიერ გარემოს და ძეგლების დასუფთავების აქციები მოხალისეობრივ საწყისებზე.
განხილულ იქნა ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი, მისი გაუმჯობესების შესაძლებლობები (მაგალითად, მომდევნო წლის გეგმის მოდიფიცირება მიმდინარე წელს მიღებული უკუკავშირის საფუძველზე).
ერთ-ერთ ძირითად პრობლემად შეხვედრის მონაწილეების მიერ დასახელდა ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა (თეატრებისთვის შესაბამისი შენობების, კულტურის სახლის, საზოგადოებრივი შეკრებისთვის გამოყოფილი ადგილების არარსებობა ან სარემონტო სახსრეის არარსებობა). მონაწილეების თქმით, ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა აფერხებს სხვადასხვა კულტურული ინსტიტუციების არსებობისთვის აუცილებელი შემოსავლის გენერირებას.
სოციალურ ერთობაზე საუბრისას, მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ახალციხის მრავალეთნიკურ საზოგადოებაში არ არსებობს დაძაბულობა. ქართველებმა იციან ან სწავლობენ სომხურს, ხოლო სომხები (ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობა ახალციხეში) საუბრობენ სახელმწიფო ენაზე. თუმცა ქართული ენა უკეთ ახალგაზრდებმა იციან, ხოლო უფროსი თაობა მას ნაკლებად ფლობს.
ამავდროულად სომხური დიასპორის დაფინანსებით არსებობს სომხური კულტურის და ენის ცენტრი, სადაც ასწავლიან სიმღერას, ცეკვას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს და სომხურ ენას. გარდა ეთნიკური სომხებისა, სომხურის სასწავლო პროგრამის მომხმარებელნი ასევე არიან სახელმწიფო ენის სპეციალისტები, რომელთაც საკუთარი საქმიანობის ეფექტურობის ასამაღლებლად ( სომხურენოვან სოფლებში ქართულის სწავლებისას) ესაჭიროებათ სომხური ენის ცოდნა. მიუხედავად ამისა, ენობრივი ბარიერი ხშირ შემთხვევაში არსებობს და წარმოადგენს დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმატებული ჩართულობისთვის.
გაიმართა დისკუსია კულტურული პროდუქტის, მომსახურებისა და საქმიანობის სფეროში შემოთავაზებისა და მოთხოვნის შესაბამისობის საკითხზე, მენეჯმენტის ხარისხზე – რამდენად აქტუალური და საკმარისია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, რამდენად ხელმისაწვდომია ახალგაზრდობისათვის გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობა, რამდენად პასუხობს დაგეგმილი კულტურული საქმიანობა მოქალაქეების სურვილებს, ახალგაზრდობის გემოვნებას; ასევე, რამდენად დაკმაყოფილებულია მოქალაქეების სხვადასხვა კულტურული მოთხოვნები კონსენსუსის მიღწევა ამ საკითხზე რთული აღმოჩნდა.
ზოგადი რეკომენდაციის სახით გამოიკვეთა დეცენტრალიზაციის და კულტურული დემოკრატიზაციის საკითხების გადაწყვეტა.

31 ივლისი, თბილისი (შეხვედრა 5)

31 ივლისს, ევროპის სახლში (თბილისი) პროექტის ფარგლებში მეხუთე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემები:
• მედიის მრავალფეროვნების გაფართოების ხელშეწყობა, როგორც კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობისაკენ მიმართული ზომები.
• სუვერენიტეტის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის საკითხები
• კონვენციის იმპლემენტაციისთვის ხელშემწყობი გარემოს საკითხები
• კონვენციის იმპლემენტაციისათვის ინფორმაციის გაცვლის, ანალიზის და გავრცელების პრობლემები
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კულტურის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებმა.
პროექტისა და კონვენციის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს მედიაში კულტურის სფეროს გაშუქებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, მიუთითეს ამ სფეროში პროფესიონალი ჟურნალისტების ნაკლებობაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე კულტურის სფეროში მომუშავე რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შორის პროფესიული მომზადების სერიოზულ დეფიციტზე .
აღინიშნა, რომ ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებში არ არსებობს კულტურის ბლოკი. ამ კონტექსტში განიხილეს კულტურის სფეროს გასაშუქებლად მედიის მოტივირების შესაძლებლობები, ამასთან მიმართებით სახელმწიფოს როლი და ირიბი ხელშეწყობის ზომები.
მონაწილეთა აზრით, კულტურის გაშუქება კონცენტრირებულად მხოლოდ დედაქალაქის მოვლენებთან დაკავშირებით ხდება, ხოლო აუცილებელია, რომ ინფორმაცია მთელი საქართველოს კულტურულ ცხოვრებას მოიცავდეს; ამდენად, სასარგებლო იქნება მეტი დეცენტრალიზაცია და საინფორმაციო წყაროების დივერსიფიცირება.
პრობლემად დასახელდა მედია საშუალებების მიერ კულტურის სხვადასხვა დარგების პრიორიტეტულობის განსაზღვრის კრიტერიუების: ამა თუ იმ დარგის ლიდერობა საინფორმაციო ბადეში ხშირად განპირობებულია მედია საშუალებების ხელმძღვანელობის გემოვნებით და პირადი დაინტერესებით, და არა სისტემატური კვლევის შედეგების საფუძველზე გამოვლენილი პრიორიტეტებით.
მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მედია პროექტების სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება, რაც უმეტესად პოლიტიკური ნების არსებობასა და პირად ნაცნობობაზეა დამოკიდებული. პესიმისტური განწყობა არსებობს თანამედროვე ხელოვნების დაფინანსებასთან დაკავშირებით და ასევე მედიის მიერ ამ საკითხით დაინტერესების თაობაზე.
დისკუსიის საგანი იყო მედიის, როგორც მაღალი კულტურის პოპულარიზაციისა და დამკვიდრების ინსტრუმენტის როლი და პასუხისმგებლობა. განხილულ იქნა კონფლიქტი სხვადასხვა მედია-პროდუქტის ფინანსურ მომგებიანობასა და კულტურულ ღირებულებას შორის.
მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა სახელოვნებო პუბლიკაციების (როგორც ბეჭდური, ისე ინტერნეტ-გამოცემები, პლატფორმები), ასევე ზოგადად ხელოვნების დარგში კრიტიკის ნაკლებობა ან არარსებობა.
განათლებისა და პროფესიონალიზაციის საკითხების განხილვისას, მონაწილეებმა მოიწონეს რეკომენდაცია რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებისთვის სტაბილური ტრენინგ-ცენტრის შექმნის თაობაზე.
დისკუსია გაიმართა კულტურის მნიშვნელობაზე სოციალური ერთობისთვის : საუბარი შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა სუბკულტურას; აღინიშნა, რომ არ ხდება მისი სათანადო შესწავლა და გაშუქება.
მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მდგრადი, ხანგრძლივი კულტურული პროექტების არსებობის აუცილებლობას და მედიის მრავალფეროვნებისათვის სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობას.

16 ივნისი, ქუთაისი (შეხვედრა 4)

16 ივნისს ქუთაისში პროექტის ფარგლებში მეოთხე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემები:
• საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებათა და პასუხისმგელობათა საკითხები
• მედიის ჩართულობა, ინფორმაციის მიწოდების/გაცვლის პრობლემები
• კულტურის სფეროში ზოგადი და პროფესიული განათლების საკითხი
• საზოგადოების თვითორგანიზების საკითხი
• ადგილობრივი თვითმმართველობის როლი კულტურის განვითარებაში; ხარისხის უზრუნველყოფის პრობლემები; საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების მენეჯერებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, ხელოვანებმა და სტუდენტებმა.
პროექტისა და კონვენციის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა მაია ნიკოლაიშვილმა.
განხილვის საგანი იყო ის პრობლემები, რომლებიც ახასიათებს ქუთაისის (და, უფრო ფართოდ, იმერეთის რეგიონის) კულტურის სფეროს.
განათლება დასახელდა ერთ-ერთ ძირითად პრობლემად – სხვადასხვა კონტექსტში ამ პრობლემის იდენტიფიცირება თითქმის ყველა მონაწილემ მოახდინა.
გაიმართა დისკუსია ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით, მონაწილეებმა ისაუბრეს ორგანიზაციების, ადგილობრივ თვითმმართველობასა და მედიას შორის ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებულ სირთულეებზე.
ხელოვანთა მობილობის შესახებ კონვენციის მუხლის განხილვისას, აღინიშნა ასეთი მობილობის შესაძლებლობის დიდი მნიშვნელობა ხელოვანთა განვითარებისთვის. ძირითად დამაბრკოლებელ ფაქტორად დასახელდა ფინანსების ნაკლებობა.
მონაწილეებმა აღნიშნეს პრობლემები საზოგადოების თვითორგანიზებასთან დაკავშირებით და მიუთითეს კერძო ინიციატივის არარსებობაზე. მათ ხაზი გაუსვეს უკანასკნელის მნიშვნელობას, რისთვისაც მოიყვანეს ისტორიული მაგალითები. ამავე კონტექსტში აღინიშნა ზედმეტი დამოკიდებულება მუნიციპალურ რესურსებზე.
დისკუსიის დროს ასევე განხილულ იქნა ხარისხის კონტროლის აუცილებლობა, მედიის მიერ შესაბამისი გაშუქების საჭიროება.

30 მაისი, თბილისი (შეხვედრა 3)

30 მაისს ევროპის სახლში პროექტის ფარგლებში მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემები:

• სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის საკითხები: ხარისხის პრობლემები
• მედიის პროფესიონალიზაციის საკითხები
• საზოგადოების განათლების, ცნობიერების ამაღლების საკითხები
• განათლების როლის საკითხი კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში;

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კულტურის პოლიტიკის ექსპერტებმა და ხელოვნების მენეჯერებმა.
პროექტისა და კონვენციის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.
განხილვის საგანი იყო კონვენციის იმლემენტაციისათვის სამოქალაქო სექტორის აქტიური პოზიციის არსებობის აუცილებლობა და სახელმწიფოზე მისი ზემოქმედების ხერხები.
გაიმართა დისკუსია სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის პასუხისმგებლობათა შეპირისპირების თემაზე, სახელმწიფო რეგულაციებზე, მონიტორინგზე და მის არადამაკმაყოფილებელ შედეგებზე.
მონაწილეებმა იმსჯელეს სახელმწიფოს მიერ ორიენტაციაზე მონიტორინგის რაოდენობრივ და ფინანსურ მხარეზე, და ამავდროულად, ხარისხზე ორიენტირებული მონიტორინგის არარსებობაზე ან უკმარისობაზე; ასევე იმგვარი კანონმდებლობის, რეგულაციების და პირობების არსებობაზე, რომელიც მხოლოდ ბიუროკრატიული აპარატის ინტერესებს ერგება, ხოლო განვითარებასა და ხარისხზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მედიის პროფესიონალიზაციის პრობლემები. კერძოდ, რამდენად საკმარისი, ხარისხიანი და კორექტულია კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის პროპაგანდა მედია საშუალებების მიერ.

პრობლემათა კარტირებისას საზოგადოების განათლების დაბალი დონე გამოიკვეთა: მიზეზად დასახელდა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად მიმართული ღონისძიებების უკმარისობა და ხარისხის არადამაკმაყოფილებელი დონე; კულტურის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამათა არასაკმარისი ხარისხი და რაოდენობა.

გაიცა რეკომენდაციები:
– გარე /პროფესიული საზოგადოების მიერ განხორციელებული / მონიტორინგის აუცილებლობა.
-განათლების როლის მნიშვნელობის ადეკვატურად გაცნობიერება და წამოწევა კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში;
-სახელმწიფოს მიერ შემოქმედებითი მუშაკებისა და კულტურული თვითგამოხატვის საქმიანობაში ჩართული ადამიანების წახალისება პროფესიონალიზაციის მხარდაჭერით.

8 მაისი, თელავი (შეხვედრა 2)

8 მაისს, თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  პროექტის ფარგლებში მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემები:
• საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებათა და პასუხისმგელობათა საკითხები
• კულტურულ პროცესში თანაბარი მონაწილეობისა და შედეგით სარგებლობის უფლების განხორციელება
• ხელოვანთა მდგომარეობის საკითხები
• კულტურის მნიშვნელობა სოციალური ერთობისთვის

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თელავის კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებმა, მუნიციპალური კულტურის სამსახურის ააიპების ხელმძღვანელებმა.
პროექტისა და კონვენციის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.
განხილვის საგანი იყო კონვენციის იმპლემენტაციისათვის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის შექმნის აუცილებლობა.
გაიმართა დისკუსია კონვენციის ამოცანებისა და ლოკალური საჭიროებების შესაბამისობის თაობაზე, ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში პროექტის სარგებლიანობის შესახებ. განხილულ იქნა კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების საკითხები. განხორციელდა პრობლემების კარტირება.

დისკუსიაში აქტიურად იყო ჩართული ყველა მონაწილე.
პრობლემათა შორის უპირველესად დასახელდა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის არამდგრადობა და ახალგაზრდათა გადინება სფეროდან.
მწვავე დისკუსია გაიმართა ხელოვანთა მდგომარეობის საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ
ეკონომიური პრობლემებიდან გამომდინარე კულტურულ პროცესში თანაბარი მონაწილეობისა და შედეგით სარგებლობის უფლების განხორციელების შესაძლებლობის შეზღუდვის თაობაზე;
სახელმწიფოს მიერ შემოქმედებითი მუშაკებისა და კულტურული თვითგამოხატვის საქმიანობაში ჩართული ადამიანების არასაკმარის წახალისებასა და მხარდაჭერაზე.

შეხვედრაზე თვალსაჩინოდ გამოიკვეთა კულტურის მნიშვნელობა სოციალური ერთობისათვის;
გაიმართა დისკუსია საზოგადოებაში ქალების სტატუსისა და როლის ამაღლებისათვის კულტურის პოტენციალის გამოყენების თაობაზე; ასევე აღინიშნა ინკლუზიური პროექტების ზრდის აუცილებლობა და მათი მხარდაჭერის/ დაფინანების წყაროების მოძიების სირთულე; გაანალიზდა სოციალურ კოჰესიასა და კულტურულ მრავალფეროვნებას შორის კავშირი.

მეორე სესიის დასასრულს მონაწილეებმა პასუხი გასცეს შემუშავებულ კითხვარებს.

8 აპრილი, თბილისი (შეხვედრა 1)

8 აპრილს ევროპის სახლში პროექტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემები:
• იდენტობის რაობა
• ენის როლი
• სუვერენიტეტის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის საკითხები
• კონვენციის იმპლემენტაციისათვის საჭირო გარემოს ხელშემწყობი საკითხები

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კულტურისა და ხელოვნების ექსპერტებმა.
პროექტისა და კონვენციის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.
განხილვის საგანი იყო კონვენციის იმპლემენტაციის პროგრამისათვის საინფორმაციო ბაზის, კითხვარებისა და რეკომენდაციების შემუშავების მეთოდოლოგია.
გაიმართა დისკუსია კონვენციის მიზნების, დაფარვის არეალისა თაობაზე; ასევე კონვენციის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებისა და არსებული პრობლემების შესახებ.
დისკუსიაში აქტიურად იყო ჩართული ყველა მონაწილე. განხილულ იქნა ახალგაზრდა სოცილოგთა ასოციაციის მიერ მომზადებული კითხვარის ფორმა. გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები.
იდენტობის რაობის კონტექსტში განხილულ იქნა ენის როლი. გაიმართა დისკუსია თემებზე „ენობრივი მრავალფეროვნება, როგორც კულტურულ მრავალფეროვნების ძირითად ელემენტი“ და „ონლაინ სივრცეში ქართული ენის დანერგვის პრობლემები“.
შეხვედრაზე იმსჯელეს სახელმწიფო ენის პროგრამების ფონზე სხვადასხვა ენების სწავლებით დაინტერესების თაობაზე და ენობრივი მრავალფეროვნების ხელშეწყობის შესაძლებელ ფორმებზე. ასევე განხილულ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გადაშენების პირას მყოფი უნიკალური ენების დაცვისა და განვითარების საკითხები: კერძოდ, აფხაზური ენის არეალის შეზღუდვისა და რუსიფიცირების პრობლემებზე, აფხაზური ენის საკითხით დაკავებულ ორგანიზაციათა რაობასა და რაოდენობაზე; ასევე უდების ენის /არამეული,ძველასირიული/თაობაზე: თუ რა სიდიდის პოპულაცია ლაპარკობს ამ ენაზე და როგორ უნდა შეუწყოს სახელმწიფომ ხელი მის შენარჩუნებას.

შეხვედრაზე განხილული იქნა სუვერენიტეტის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის საკითხები; კერძოდ, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის კუთხით სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის აქტივობები. გაიმართა მსჯელობა საქართველოში არსებული სახელმწიფო რეგულაციების, მხარდაჭერის პროგრამების, ღონისძიებების განხორციელებისა და დაგეგმარების, ასევე მათი მონიტორინგის -არსებულისა და შესაძლებლის/ სამომავლოდ დასაგეგმის -თაობაზე.
დისკუსიის შედეგად გამოიკვეთა კონვენციის იმპლემენტაციისათვის ხელშემწყობი გარემოს საკითხებიდან ყველაზე პრობლემატური -კანონმდებლობის და ინსტიტუციური განვითარების საკითხები; ასევე აღინიშნა სამოქალაქო ცნობიერებისა და აქტივობის/ ჩართულობის ხარვეზები.
დაისვა საკითხი ინტერმინისტერიალური თანამშრომლობის ეფექტურობის თაობაზე და გაიმართა დისკუსია ინსტიტუციური განვითერების გზებზე; როგორც შესაძლებელი ალტერნატივა, განხილულ იქნა არტ საბჭოების ფორმატი.