აპრილი 2017, თბილისი

ბიულეტენი # 2
აპრილი, 2017

2017 წლის დასაწყისში ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი (YTA Union) შეუდგა იუნესკო-ს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება“ განხორციელებას.
აღნიშნული კონვენცია, რომელსაც ხელი პარიზში 2005 წელს მოეწერა და რომელსაც საქართველო 2008 წელს მიუერთდა, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის მთავარი საერთაშორისო დოკუმენტია. კონვენციის წევრი-ქვეყნები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ამზადებენ ანგარიშს ნაკისრი ვალდებულებების შესახებ. პროექტის მიზანია დაიწყოს მუშაობა საქართველოს მიერ პარიზის კონვენციი სშესრულების მონიტორინგის სქემის შესაქმნელად.
მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, 2017 წლის აპრილის თვეში პროექტის ფარგლებში ორი შიდა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრის თემები:
• იუნესკოს მეთოდოლოგიური დოკუმენტებისა და საქართველოს 2016 წლის ეროვნული რაპორტის პროექტის გუნდის მიერ განხორციელებული შედარებითი ანალიზის შედეგები;
• საბაზისო ინდიკატორები და კონვენციის მუხლების შესაბამისი კონკრეტული ამოცანების განხორციელების ინდიკატორები;
• საკვლევი დოკუმენტების იდენტიფიცირება და მოძიება თემების მიხედვით („კულტურის პოლიტიკა „ (მიზანი 1.1.); „გენდერული თანასწორობა“ (მიზანი 4.1.) )
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა.
განხილულ იქნა მონიტორინგის 3 მოდელი:
1. დაფუძნებული კონვენციის სტრუქტურასა და კონკრეტული მუხლების შერჩევის პრინციპზე;
2. დაფუძნებული იუნესკოს დოკუმენტზე – „RE | SHAPINGCULTURALPOLICIES- A Decade Promotingthe Diversity of CulturalExpressions for Development“,2005 Convention,Global Report 2015;
3. დაფუძნებული ზემოაღნიშნული მოდელების შეჯერებულ ვარიანტზე.
2017 წლის აპრილში მონიტორინგის ძირითადი სფეროებიდან დამუშავდაორი თემა -„კულტურის პოლიტიკა„ (მიზანი 1.1.); „გენდერული თანასწორობა“ (მიზანი 4.1.) .
გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: გენდერულ კონტექსტში კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის პროგრამების არარსებობის საკითხი; გენდერულ თემატიკას მიკუთვნებული პროექტებისა და ღონისძიებების სახელდების (დასახელებისა და შინაარსის შესაბამისობის) პრობლემა სახელმწიფო აქტივობების ამსახველი დოკუმეტაციის შედგენისას; ტერმინოლოგიური აღრევის გამო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა, განსაკუთრებით რეგიონებში.
გაიმართა მსჯელობა საქართველოში არსებული სახელმწიფო პროგრამების, ღონისძიებების განხორციელებისა და დაგეგმარების, ასევე მათი მონიტორინგის თაობაზე. გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები.