რეკომენდაციების პაკეტი

ვალ. გუნUNESCO - YTA Unionიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი (YTA UNION) – OISTAT საქართველოს ნაციონალური ცენტრი.

 

 


დოკუმ
ენტზე მომუშავე ჯგუფი

  • ნინო გუნია-კუზნეცოვა
  • მაია ნიკოლაიშვილი
  • ანანო ასათიანი
  • თამარ გურჩიანი

დოკუმენტის მომზადება დაფინანსებულია იუნესკოს 2014-2015 წწ. „მონაწილეობის პროგრამისმიერ.

დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია ვალ. გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი (YTA UNION) – OISTAT საქართველოს ნაციონალური ცენტრი.

იუნესკო არ არის პასუხისმგებელი წინამდებარე რეკომენდაციებში გამოთქმულ მოსაზრებებზე.

გაეცანით დოკუმენტს ბმულზე:
http://www.culturaldiversitygeorgia.com/UNESCO-YTAUNION-2015.pdf

UNSECO – კონვენცია კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ

ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მაისის N 253 ბრძანებულებით

კონვენცია კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ

პარიზი, 2005 წლის 20 ოქტომბერი

იუნესკოს გენერალური კონფერენციის 33–ე სესია, რომელიც ჩატარდა პარიზში 2005 წლის 3–21 ოქტომბერს აცხადებს რა, რომ კულტურული მრავალფეროვნება წარმოადგენს კაცობრიობის დამახასიათებელ ნიშანს,
აცნობიერებს რა, რომ კულტურული მრავალფეროვნება წარმოადგენს კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობას, რომლის დაცვა და ხელშეწყობა აუცილებელია ყოველი ადამიანის საკეთილდღეოდ,
აცნობიერებს რა, რომ კულტურული მრავალფეროვნება კიდევ უფრო ამდიდრებს და მრავალმხრივს ხდის სამყაროს, რომელიც აფართოებს არჩევანის დიაპაზონს და ხელს უწყობს ადამიანების შესაძლებლობებისა და ღირებულებებისათვის ნაყოფიერი ნიადაგის შექმნას და, აქედან გამომდინარე, წარმოადგენს საზოგადოების, ადამიანების და ერების განუხრელი განვითარების მამოძრავებელ ძალას,
ითვალისწინებს რა, რომ კულტურული მრავალფეროვნება, რომელიც ვითარდება დემოკრატიის, შემწყნარებლობის, სოციალური სამართიანობის და ხალხებისა და კულტურის ურთიერთპატივისცემის პირობებში, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ადგილობრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეებზე,
განსაკუთრებით გამოყოფს რა კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობას ადამიანის იმ უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სრული განხორციელების საქმეში, რომლებიც განცხადებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა თუ საყოველთაოდ აღიარებულ სხვა დოკუმენტებში,
ხაზგასმით აღნიშნავს რა იმის აუცილებლობას, რომ უნდა მოხდეს კულტურის, როგორც ერთ–ერთი სტრატეგტული ელემენტის ინტეგრაცია განვითარების ეროვნულ და საერთაშორისო პოლიტიკაში, აგრეთვე განვითარებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამშრომლობაში გაეროს ათასწლეულის დეკლარაციის (2000) გათვალისწინებით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება სიღატაკის დაძლევას ეთმობა,
ითვალისწინებს რა, რომ კულტურა დროსა და სივრცეში სხვადასხვა ფორმას იძენს, ხოლო ეს მრავალფეროვნება გამოიხატება იმ ხალხების და საზოგადოდების თვითმყოფადობისა და კულტურული თვითგამოხატვის უნიკალური და მრავალფეროვანი ფორმებით, რომლებიც შეადგენს კაცობრიობას,
აღიარებს რა ტრადიციული ცოდნის, როგორც არამატერიალური და მატერიალური სიმდიდრის წყაროს, კერძოდ, მკვიდრი ხალხების ცოდნის სისტემების მნიშვნელობას და მათ დადებით წვლილს განუხრელ განვითარებაში, და ასევე ამ ცოდნის შესაბამისი დაცვისა და წინსვლის აუცილებლობას,
აღიარებს რა კულტურული თვითგამოხატვის ფორმების მრავალფეროვნების, მათ შორის, მათი შინაარსის დაცვისთვის საჭირო ზომების მიღების აუცილებლობას, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, როცა კულტურულ თვითგამოხატვას შეიძლება გაქრობა ან სერიოზული ზიანი ემუქრებოდეს,
ხაზგასმით აღნიშნავს რა კულტურის მნიშვნელობას ზოგადად სოციალური ერთობისთვის და კერძოდ კი მისთვის დამახასიათებელ პოტენციალს საზოგადოებაში ქალების სტატუსისა და როლის ამაღლებისათვის,
აცნობიერებს რა, რომ კულტურულ მრავალფეროვნებას აძლირებს იდეების თავისუფალი გავრცელება, და რომ იგი მდიდრდება კულტურებს შორის მუდმივი გაცვლით და ურთიერთქმედებით,
კვლავაც ადასტურებს რა, რომ აზრის, შეხედულებათა გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება, ისევე როგრც მედიის მრავალფეროვნება , ხელშემწყობ პირობებს უქმნის კულტურულ განვითარებას საზოგადოებაში,

აღიარებს რა, რომ კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნება, მისი ტრადიცული ფორმებით, იმ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც ადამიანებსა და ხალხებს თავიანთი იდეებისა და ღირებულებების გამოხატვისა და ერთმანეთისათვის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს,

ითვალისწინებს რა, რომ ენობრივი მრავალფეროვნება კულტურული მრავალფეროვნების ძირითადი ელემენტია, და კვლავაც ადასტურებს რა იმ უმნიშვნელოვანეს როლს, რომელსაც განათლება ასრულებს კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში,

ითვალისწინებს რა კულტურების სიცოცხლისუნარიანობის დიდ მნიშვნელობას, მათ შორის იმ პირებისათვის, რომლებიც უმცირესობას და მკვიდრ ხალხებს წარმოადგენენ, რაც გამოიხატება მათ თავისუფლებაში, ქმნიდნენ, ავრცელებდნენ და მემკვიდრეობით გადასცემდენენ თავიანთი კულტურული თვითგამოხატვის ტრადიციულ ფორმებს და ხელი მიუწვდებოდეთ მათ გამოყენებაზე თავიანთი განვითარების მიზნით,

ხაზგასმით აღნიშნავს რა კულტურათა ურთიერთქმედების და შემოქმედების გადამწყვეტ მნიშვნელობას, რაც ამდიდრებს და ამრავალფეროვნებს კულტურულ თვითგამოხატვას და ზრდის იმ ადამიანთა როლს, რომლებიც მონაწილეობენ კულტურის განვითარებაში მთლიანად საზოგადოების პროგრესის ინტერესებისათვის,

აღიარებს რა ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა მნიშვნელობას კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების მხარდასაჭერად,

მიაჩნია რა, რომ კულტურულ საქმიანობას, კულტურის საქონელს და მომსახურებას აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული ხასიათი, ვინაიდან ისინი განასახიერებს თვითმყოფადობას, ღირებულებას და მნიშვნელობას, და აქედან გამომდინარე, არ უნდა განიხილებოდეს როგორც მხოლოდ კომერციული ფასეულობა,
აღნიშნავს რა, რომ გლობალიზაციის პროცესები, რომლებსაც ხელს უწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, უპრეცედენტო პირობებს უქმნის კულტურების უფრო ფართო ურთიერთქმედებას და იმავდროულად საფრთხის ქვეშ აყენებს კულტურულ მრავალფეროვნებას, კერძოდ, მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის დისბალანსის რისკის თვალსაზრისით,
აღიარებს რა იუნესკოს განსაკუთრებულ მანდატს, რომლის თანახმადაც გარანტირებული უნდა იყოს კულტურების მრავალფეროვნების პატივისცემა და რომელიც რეკომენდაციას უწევს ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებას, რომლებიც ითვალისწინებს ზეპირი თუ სახვითი გზით იდეების თავისუფალ გავრცელებას,
იშველიებს რა იუნესკოს მიერ კულტურულ მრავალფეროვნებასთან და კულტურული უფლებების გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებულ საერთაშორისო დოკუმენტებს, კერძოდ, კულტურული მრავალფეროვნების შესახებ 2001 წლის საყოველთაო დეკლარაციას,
იღებს წინამდებარე, 2005 წლის 20 ოქტომბრის, კონვენციას.

1. მიზნები და სახელმძღვანელო პრინციპები

მუხლი 1 – მიზნები

წინამდებარე კონვენციის მიზნებია:
1. (ა) კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა;
2. (ბ) კულტურების აყვავებისა და თავისუფალი ურთიერთქმედების პირობების შექმნა ურთიერთხელსაყრელ საფუძველზე;
3. (გ) კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და დაბალანსებული კულტურული თანამშრომლობის უზრუნველყოფისათვის, მსოფლიოში კულტურათაშორისი პატივისცემის და მშვიდობის კულტურის განვითარების თვალსაზრისით;
4. (დ) კულტურათა ურთიერკავშირის ხელშეწყობა ხალხთა ურთიერთკავშირის მიზნით კულტურული ურთიერთქმედების განვითარების თავლსაზრისით;
5. (ე) კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების პატივისცემის პროპაგანდა და მისი ღირებულების გაცნობიერების გაღრმავება ადგილობრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეებზე;
6. (ვ) ყველა ქვეყნისათვის, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის კულტურასა და განვითარებას შორისო კავშირის აღიარება, და ამ კავშირის ჭეშმარიტი ღირებულების აღიარების უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე განხორციელებული მოქმედების მხარდაჭერა;
7. (ზ) კულტურული საქმიანობის, კულტურის საქონლისა და მომსახურების, როგორც თვითმყოფადობის, ღირებულებისა და მნიშვნელობის განსახირების განსაკუთრებული ხასიათის აღიარება;
8. (თ) სახელმწიფოების იმ სუვერენული უფლებების აღიარება, რომლებიც დაკავშირებულია ისეთი პოლიტიკისა და ზომების შენარჩუნებასთან, მიღებასა და განხორციელებასთან, რომლებიც შეესაბამება მათ ტერიტორიაზე კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვასა და შემდგომ ხელშეწყობას;
9. (ი) საერთაშორისო თანამშრომლობისა და სოლიდარობის განმტკიცება პარტნიორობის სულისკვეთებით, კერძოდ კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და შემდგომი ხელშეწყობის საქმეში განვითარებადი ქვეყნების შესაძლებლობების გაფართოების მიზნით.

მუხლი 2 – სახელმძღვანელო პრინციპები

1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის პრინციპი

კულტურული მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებულია ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, როგორიცაა საკუთარი აზრის გამოთქმის, ინფორმაციის და კომუნიკაციის თავისუფლება და ასევე ცალკეულ პირთა შესაძლებლობა, აირჩიონ კულტურული თვითგამოხატვის ფორმა. ვერავინ გამოიყენებს წინამდებარე კონვენციის დებულებებს იმისათვის, რომ დაირღვეს ან შეიზღუდოს ადამიანის ის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში ან გარანტირებულია საერთაშორისო სამართლით.

2. სუვერენიტეტის პრინციპები

გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად სახელმწიფოებს აქვთ სუვერენული უფლება, განახორციელონ თავიანთ ტერიტორიაზე კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებული ზომები და პოლიტიკა.

3. ყველა კულტურის თანასწორი ღირსებისა და პატივისცემის პრინციპი

კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა გულისხმობს ყველა კულტურის თანასწორი ღირსებისა და პატივისცემის აღიარებას, უმცირესობისა და მკვიდრი ხალხების წარმომადგენელთა კულტურის ჩათვლით.

4. საერთაშორისო სოლიდარობისა და თანამშრომლობის პრინციპი

საერთაშორისო თანამშრომლობა და სოლიდარობა მიზნად უნდა ისახავდეს ყველა ქვეყნისათვის, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის, ისეთი შესაძლებლობების მინიჭებას, რომლებიც დაეხმარება მათ კულტურული თვითგამოხატვის საკუთარი ფორმების შექმნასა და განმტკიცებაში, მათი კულტურის ინდუსტრიის, როგორც ჩამოყალიბების ფაზაში მყოფის, ასევე უკვე არსებულის ჩათვლით, ადგილობრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეებზე.

5. განვითარების ეკონომიკური და კულტურული ასპექტების ურთიერთშევსების პრინციპი

ვინაიდან კულტურა განვითარების ერთ–ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, განვითარების კულტურულ ასპექტებს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ეკონომიკურს, და ადამიანებისა და ხალხების ძირითადი უფლებაა მონაწილეობდნენ ამაში და სარგებლობდნენ მისი შედეგებით.

6. განუხრელი განვითარების პრინციპი

კულტურული მრავალფეროვნება ადამიანებისა და საზოგადოებების მნიშვნელოვანი მონაპოვარია. მისი დაცვა, ხელშეწყობა და შენარჩუნება ახლანდელი და მომავალი თაობების კეთილდღეობის მიზნით განუხრელი განვითარების ერთ–ერთი გადამწყვეტი მოთხოვნაა.

7. თანასწორი ხელმისაწვდომობის პრინციპი

კულტურული თვითგამოხატვის და ურთიერთგაგების ხელშეწყობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია მთელ მსოფლიოში კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების თანასწორი ხელმისაწვდომობა და კულტურებისთვის თვითგამოხატვისა და გავრცელების საშუალებების ხელმისაწვდომობა.

8. გახსნილობისა და წონასწორობის პრინციპი.

როცა სახალმწიფოები მიმართავენ კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების ხელშეწყობის ზომებს, ისინი უნდა ცდილობდნენ სათანადოდ შეუწყონ ხელი გახსნილობას მსოფლიოს სხვა კულტურების მიმართ და უზრუნველყონ, რომ ეს ზომები შეესაბამებოდეს წინამდებარე კონვენციის მიზნებს.

II. გამოყენების სფერო

მუხლი 3 – გამოყენების სფერო

წინამდებარე კონვენცია ეხება მონაწილეთა იმ პოლიტიკასა და ზომებს, რომლებსაც მონაწილენი კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებით იყენებენ.

III. განსაზღვრებანი

მუხლი 4 – განსაზღვრებანი

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის მიღებულია შემდეგი ტერმინები:
1. კულტურული მრავალფეროვნება
„კულტურული მრავალფეროვნება“ გულისხმობს იმ მრავალფეროვან გზებს, რომელთა მეშვეობითაც ვლინდება ჯგუფებისა და საზოგადოებების კულტურა. ასეთი თვითგამოხატვა ხდება როგორც ჯგუფებსა და საზოგადოებებში, ისე მათ შორის.

კულტურული მრავალფეროვნება ვლინდება არა მხოლოდ იმ სხვადასხვა საშუალებით, რომლებითაც კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობა გამოიხატება, ვითარდება და ვრცელდება კულტურული თვითგამოხატვის სხვადასხვა ფორმების მეშვეობით, არამედ სხვადასხვა სახის მხატვრული შემოქმედებითაც, აგრეთვე კულტურული თვითგამოხატვის საქონლის წარმოების, გავრცელების, განაწილებისა და მოხმარების გზით, გამოყენებული საშუალებებისა და ტექნოლოგიების მიუხედავად.

2. კულტურული შინაარსი
„კულტურული შინაარსი“ გულისხმობს სიმბოლურ შინაარსს, მხატვრულ ასპექტს და იმ კულტურულ ღირებულებებს, რომლებსაც საფუძვლად უდევს კულტურული თვითმყოფადობა ან რომლებიც განასახიერებს ამ კულტურულ თვითმყოფადობას.

3. კულტურული თვითგამოხატვა

„კულტურული თვითგამოხატვა“ ნიშნავს გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომლებიც წარმოადგენს ინდივიდების, ჯგუფების და საზოგადოებების შემოქმედების შედეგს და მოიცავს კულტურულ შინაარს.

4. კულტურული საქმიანობა, კულტურის საქონელი და მომსახურება

„კულტურული საქიმანობა, კულტურის საქონელი და მომსახურება“ ნიშნავს ისეთ საქმიანობას, საქონელსა და მომსახურებას, რომლებიც, როცა კონკრეტული ნიშანთვისების, მოხმარების ან მიზნის თვალსაზრისით განიხილება, განასახიერებს ან ატარებს კულტურული თვითგამოხატვის ნიშნებს მათი კომერციული ღირებულებების მიუხედავად. კულტურული საქმიანობა შეიძლება წარმოადგენდეს თვითმიზანს ან ხელს უწყობდეს კულტურული საქონლის წარმოებას ან მომსახურების განხორციელებას.

5. კულტურის ინდუსტრია

„კულტურის ინდუსტრია“ ნიშნავს წარმოების ისეთ სფეროებს, რომლებიც აწარმოებს და ავრცელებს კულტურის საქონელსა და მომსახურებას, როგორც ეს განსაზღვრულია მე–4 პუნქტში ზემოთ.

6. კულტურის პოლიტიკა და ზომები

„კულტურის პოლიტიკა და ზომები“ ნიშნას კულტურასთან დაკავშირებულ იმ პოლიტიკასა და ზომებს, იქნება ეს ადგილობრივი, სახელმწიფო თუ საერთაშორისო დონეებზე, რომლებიც ან ფოკუსირებულია კულტურაზე, როგორც ასეთზე, ან გათვლილია ინდივიდების, ჯგუფების ან საზოგადოებების კულტურულ თვითგამოხატვაზე უშუალო ზემოქმედებისთვის, კულტურული საქმიანობის, კულტურის საქონლის და მომსახურების შექმნის, წარმოების, გავრცელების, განაწილების და ხელმისაწვდომობის ჩათვლით.

7. დაცვა

„დაცვა“ ნიშნავს ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების შენარჩუნებას, დაცვასა და განვითარებას.

„დაცვა“ ნიშნავს ამგვარი ზომების მიღებას.

8. კულტურათაშორისი ურთიერთქმედება
„კულტურათაშორისი ურთიერთქმედება“ ნიშნავს სხვადასხვა კულტურების არსებობას, მათ შორის თანასწორ ურთიერთქმედებას და საერთო კულტურული თვითგამოხატვის საერთო ფორმების შექმნის შესაძლებლობას დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის გზით.

IV. მონაწილეთა უფლებები და ვალდებულებები

მუხლი 5 – უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებული ზოგადი წესი

1. მონაწილენი, გაეროს წესდების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ადამიანის უფლებების სფეროში საყოველთაოდ აღიარებული დოკუმენტების შესაბამისად, კიდევ ერთხელ აღიარებენ თავიანთ სუვერენულ უფლებას, ჩამოაყალიბონ და გაატარონ კულტურასთან დაკავშირებული თავიანთი პოლიტიკა, მიიღონ კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და ხელშეწყობის ზომები და განახორციელონ წინამდებარე კონვენციის მიზნების მისაღწევად საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების ღონისძიებანი .
2. როცა მონაწილე ახორციელებს პოლიტიკას და იღებს ზომებს თავის ტერიტორიაზე კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით, მისი პოლიტიკა და ზომები უნდა შეესაბამებოდეს კონვენციის დებულებებს.

მუხლი 6 – მონაწილეთა უფლებები სახელმწიფო დონეზე

1. 4.6 მუხლით განსაზღვრული კულტურის პოლიტიკისა და ზომების ფარგლებში და საკუთარი კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, თითოეულ მონაწილეს შეუძლია მიიღოს ზომები, რომლებიც მიმართულია მის ტერიტორიაზე კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობისაკენ.
2. ამგვარ ზომებში შეიძლება შედიოდეს შემდეგი:
(ა) მარეგულირებელი ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვასა და ხელშეწყობას.
(ბ) ზომები, რომლებიც შესაბამისი ფორმით უზრუნველყოფს შესაძლებლობებს, რათა ადგილობრივმა კულტურულმა საქმიანობამ, კულტურის საქონელმა და მომსახურებამ თავისი ადგილი დაიკავოს მათ ტერიტორიაზე კულტურული საქმიანობის, კულტურის საქონლისა და მომსახურების მთელ ერთობლიობაში, მათი შექმნის, წარმოების, გავრცელების, განაწილებისა და სარგებლობის თვალსაზრისით, არგეთვე ზომები, რომლებიც ეხება ამგვარ კულტურულ საქმიანობასთან, კულტურის საქონელთან და მომსახურებასთან დაკავშირებით გამოყენებულ ენას;
(გ) ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ კულტურის დამოუკიდებელ ადგილობრივ ინდუსტრიისა და არაოფიციალური სექტორის საქმიანობისათვის ხელმისაწვდომი იყოს კულტურული საქმიანობა, კულტურის საქონლის და მომსახურების წარმოება, გავრცელება და განაწილება;
(დ) ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ფინანსური დახმარების გაწევას;
(ე) ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს არაკომერციული ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების, შემოქმედი ადამიანების და კულტურის სხვა მოღვაწეების მხარდაჭერას იდეების, კულტურული თავითგამოხატვის და კულტურული საქმიანობის, კულტურის საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გაცვლის განვითარებისა და წახალისების საქმეში, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოქმედებითი და სამეწარმეო ხასიათის სტიმულირებას;
(ვ) ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების შექმნასა და მხარდაჭერას, საჭიროებისდა მიხედვით;
(ზ) ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს შემოქმედებითი მუშაკების და კულტურული თვითგამოხატვის საქმიანობაში ჩართული ადამიანების წახალისებასა და მხარდაჭერას;
(თ) ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს მედიის მრავალფეროვნების გაფართოების ხელშეწყობას საზოგადოებრივი მაუწყებლობის განვითარების გზით.

მუხლი 7 – კულტურული თვითგამოხატვის ხელშეწყობის ზომები

1. მონაწილეები ესწრაფვიან თავიანთ ტერიტორიაზე შექმნან ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ინდივიდებსა და სოციალურ ჯგუფებს, რათა:
(ა) შექმნან, აწარმოონ, გაავრცელონ, გაანაწილონ და თავისთვის ხელმისაწვდომი გახადონ კულტურული თვითგამოხატვის საკუთარი ფორმები, ამასთან სათანადო ყურადღება დაუთმონ ქალების, ასევე სხვადასხვა სოციალური ჯგუფების განსაკუთრებულ პირობებსა და მოთხოვნილებებს, იმ პირთა ჩათვლით, რომლებიც უმცირესობებსა და მკვირ ხალხებს განეკუთვნებიან;
(ბ) ხელი მიუწვდებოდეთ მრავალფეროვანი კულტურული თვითგამოხატვის სხვადასხვა ფორმებზე როგორც თავიანთ ტერიტორიებზე, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

2. მონაწილეები ასევე ესწრაფვიან კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების განვითარებაში ხელოვნების მონაწილეების, შემოქმედებით პროცესებში ჩართული სხვა პირების, კულტურული განვითარების და მათი მუშაობის მხარდამჭერი ორგანიზაციების მნიშვნელოვანი წვლილის და როლის აღიარებას.

მუხლი 8 – კულტურული თვითგამოხატვის დაცვის ზომები

1. მე–5 და მე–6 მუხლების შინაარსისთვის ზიანის მიუყენებლად, მონაწილეს შეუძლია განსაზღვროს განსაკუთრებული სიტუაციები, როცა მის ტერიტორიაზე კულტურულ თვითგამოხატვას განადგურების რისკი ექმნება, სერიოზული საფრთხე ემუქრება ან რაიმე სხვა სახის გადაუდებელი დახმარება სჭირდება.
2. მონაწილეებს შეუძლიათ მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და შენარჩუნებისათვის I პუნქტში მითითებული სიტუაციებისას ისე, რომ ეს ზომები წინამდებარე კონვენციის დებულებებს შეესაბამებოდეს.
3. მონაწილეები ამგვარი სიტუაციების წინააღმდეგ მიღებული ზომების შესახებ ანგარიშს წარუდგენენ 23–ე მუხლში მოხსენიებულ სამთავრობოთაშორიოს კომიტეტს, ხოლო კომიტეტს შეუძლია შესაბამისი რეკომენდაციების ჩამოყალიბება.

მუხლი 9 – ინფორმაციის გაზიარება და გამჭირვალობა

მონაწილეები:
(ა) თავისი ანგარიშებით იუნესკოს შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულია კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით მათ ტერიტორიაზე და საერთაშორისო დონეზე;
(ბ) დანიშნავენ წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებისათვის პასუხისმგებელ საკონტაქტო პირს;
(გ) ერთმანეთს გაუზიარებენ და გაუცვლიან ინფორმაციას კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

მუხლი 10 – განათლება და საზოგადოების ინფორმირება

მონაწილეები:
(ა) წაახალისებენ და მხარს დაუჭერენ კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის მნიშვნელობის უკეთ გაცნობიერებას, კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამების და საზოგადოების ინფორმირების გაუმჯობესების დახმარებით;
(ბ) ითანამშრომლებენ სხვა მხარეებთან და საერთაშორისო თუ რეგიონულ ორგანიზაციებთან წინამდებარე მუხლის მიზნების მისაღწევად;
(გ) ყველა ზომას მიმართავენ შემოქმედების და საწარმოო პოტენციალის განმტკიცების სტიმულირებისთვის კულტურის ინდუსტრიის სფეროში საგანმანათლებლო, ტრენინგისა და გაცვლითი პროგრამების შემუშავების გზით. ეს ზომები უნდა განხორციელდეს ისე, რომ მათ უარყოფითი ზემოქმედება არ მოხდინონ წარმოების ტრადიციულ ფორმებზე;

მუხლი 11 – სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა

მონაწილეები აღიარებენ სამოქალაქო საზოგადოების ძირითად როლს კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში. მონაწილეები მხარს დაუჭერენ წინამდებარე კონვენციის მიზნების განხორციელებისათვის თავიანთ ძალისხმევაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას.

მუხლი 12 – საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა

მონაწილენი ესწრაფვიან განამტკიცონ თავიანთი ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა ისეთი პირობების შექმნის მიზნით, რომლებიც შეესაბამება კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების ხელშეწყობას, ამასთან განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდებიან მე–8 და მე–17 მუხლებში მოხსენიებულ სიტუაციებს, კერძოდ იმისათვის, რომ:
(ა) ხელი შეუწყონ დიალოგს მხარეებს შორის კულტურის პოლიტიკის შესახებ;
(ბ) გააფართოონ სახელმწიფო სექტორის სტრატეგიული და მმართველობითი შესაძლებლობები საზოგადოებრივი კულტურის დაწესებულებებში, პროფესიული და საერთაშორისო კულტურული გაცვლის და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით;
(გ) განამტკიცონ პარტნიორობა როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან, ისე მათ შორის, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების წახალისების და ხელშეწყობის მიზნით;
(დ) ხელი შეუწყონ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და პარტნიორული ურთიერთობის სტიმულირებას ინფორმაციის გაცვლის გაფართოებისა და კულტურული ურთიერთგაგების გაუმჯობესების და აგრეთვე კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების წახალისების მიზნით;
(ე) წაახალისონ ხელშეკრულებების დადება ერთობლივი წარმოების და განაწილების შესახებ.

მუხლი 13 – კულტურის ინტეგრირება განუხრელი განვითარების პროცესში

მონაწილეები ესწრაფვიან კულტურა ჩართონ განვითარებასთან დაკავშირებულ თავიანთ პოლიტიკაში ყველა დონეზე იმ მიზნით, რომ ხელშემწყობი პირობები შეუქმნან განუხრელ განვითარებას და ამ ფარგლებში წაახალისონ კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვასთან და ხელშეწყობასთან დაკავშირებული ასპექტების გათვალისწინება.

მუხლი 14 – თანამშრომლობა განვითარების მიზნით

მონაწილენი ესწრაფვიან თანამშრომლობას განუხრელი განვითარების და სიღატაკის შემცირების მიზნით, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, რათა ხელი შეუწყონ კულტურული დინამიკური სექტორის ჩამოყალიბებას, კერძოდ, შემდეგი საშუალებებით:
(ა) კულტურის ინდუსტრიის განმტკიცება განვითარებად ქვეყნებში შემდეგი გზებით:
(i) კულტურის სფეროში საწარმოების და განაწილების შესაძლებლობათა შექმნა და განმტკიცება განვითარებად ქვეყნებში;
(ii) ) მათი კულტურული საქმიანობის, კულტურის საქონლისა და მომსახურებისთვის გლობალური ბაზრის და განაწილების საერთაშორისო ქსელის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
(iii) ) სიცოცხლისუნარიანი ადგილობრივი და რეგიონალური ბაზრების წარმოქმნისადმი ხელშეწყობა;
(iv) განვითარებად ქვეყნებში შესაბამისი ზომების მიღება, სადაც ეს შესაძლებელია, მათ ტერიტორიებზე განვითარებადი ქვეყნების კულტურული საქმიანობის მიზნით;
(v) შემოქმედებითს საქმიანობაში მხარდაჭერა და ისეთი პირობების შექმნა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რომ უზრუნველყოფილი იქნეს განვითარებადი ქვეყნების ხელოვნების მუშაკების გადაადგილება;
(vi) განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება ისეთ სფეროში, კერძოდ, როგორიცაა მუსიკა და კინემატოგრაფია.
(ბ) პოტენციალის შექმნა ინფორმაციის, გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლის, აგრეთვე განთვითარებად ქვეყნებში ადამიანური რესურსების მომზადების გზით, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში, იმ სფეროებში, რომლებიც, დაკავშირებულია, კერძოდ, სტრატეგიულ და მმართველობით შესაძლებლობებთან, პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებასთან, კულტურული თვითგამოხატვის წახალისებასა და გავრცელებასთან, მცირე, საშუალო და მიკრო საწარმოების ჩამოყალიბებასთან, ტექნოლოგიების გამოყენებასთან და პროფესიული უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებასა და გადაცემასთან;
(გ) ტექნოლოგიის გადაცემა წახალისების შესაბამისი ზომების გამოყენებით ტექნოლოგიის და „ნოუ–ჰაუს“ გაცვლისათვის, განსაკუთრებით კულტურის ინდუსტრიისა და საწარმოების სფეროში;
(დ) ფინანსური დახმარება შემდეგი გზებით:
(i) კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის ჩამოყალიბება, როგორც ეს აღნიშნულია მე–18 მუხლში;
(ii) ოფიციალური დახმარება განვითარებაში, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური დახმარების ჩათვლით, შემოქმედებითი საქმიანობის სტიმულირების და მხარდაჭერის მიზნით;
(iii) ფინანსური დახმარების სხვა ფორმები, კერძოდ, როგორიცაა დაბალპროცენტიანი სესხები, გრანტები და დაფინანსების სხვა მექანიზმები.

მუხლი 15 – ურთიერთქმედების მექანიზმები

მონაწილეები ხელს შეუწყობენ პარტნოირობის განვითარებას როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორებს და არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის, ისე მათ ფარგლებში, კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესაძლებლობათა გაფართოვების საქმეში განვითარებად ქვეყნებთან თანამშრომლობის მიზნით. განვითარებადი ქვეყნების რეალურ საჭიროებათა გათვალისწინებით აღნიშნული ინოვაციური პარტნიორობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსების შემდგომ განვითარებას და პოლიტიკის შემუშავებას, აგრეთვე კულტურული საქმიანობის, კულტურის საქონლისა და მომსახურების გაცვლას.

მუხლი 16 – უპირატესობის რეჟიმი განვითარებადი ქვეყნებისთვის

განვითარებული ქვეყნები ხელს შეუწყობენ განვითარებად ქვეყნებთან კულტურულ გაცვლის შესაბამის ინსტიტუციურ და იურიდიულ საფუძველზე განვითარებადი ქვეყნების შემოქმედებითი მუშაკებისთვის და კულტურის სხვა მოღვაწეებისა და პრაქტიკოსებისთვის, ისევე, როგორც კულტურის საქონლისა და მომსახურებისათვის უპირატესობის რეჟიმის მინიჭების გზით.

მუხლი 17 – საერთაშორისო თანამშრომლობა კულტურული თვითგამოხატვისადმი სერიოზული საფრთხის სიტუაციებში

მონაწილეები თანამშრომლებენ, რათა დახმარება გაუწიონ ერთმანეთს, და კერძოდ, განვითარებად ქვეყნებს მე–8 მუხლში აღწერილი სიტუაციების შემთხვევაში.

მუხლი 18 – კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდი

1. ჩამოყალიბებულია კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდი ( შემდგომში „ფონდი“).
2. ფონდი შედგება მიზნობრივი ფონდებისგან და ჩამოყალიბებულია იუნესკოს ფინანსური წესების მიხედვით.
3. ფონდის რესურსები შედგება:
(ა) მონაწილეთა მიერ გაღებული ნებაყოფლობითი შენატანებისაგან;
(ბ) ამ მიზნით იუნესკოს გენერალური კონფერენციის მიერ ასიგნებული ფონდებისაგან;
(გ) სხვა სახელმწიფოებისგან, გაეროს სისტემის ორგანიზაციებისა და პროგრამებისგან, სხვა რეგიონული თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და სახელმწიფო თუ კერძო უწყებებისა და ინდივიდებისგან მიღებული შენატანებისა და საჩუქრებისგან ან ანდერძით გადაცემული ქონებისგან;
(დ) ამ ფონდის სახსრებზე დარიცხული ნებისმიერი პროცენტისაგან;
(ე) ფონდის შესახებ დებულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა რესურსებისაგან.
4. ფონდის რესურსების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამთავრობათაშორისო კომიტეტი იმ სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე, რომლებსაც დაადგენს 22–ე მუხლში მოხსენიებული მონაწილეთა კონფერენცია.
5. სამთავრობათაშორისო კომიტეტს შეუძლია მიიღოს შემოწირულობა და დახმარების სხვა ფორმები სპეციფიკურ პროექტებთან დაკავშირებული ზოგადი და კონკრეტული მიზნებისთვის, თუკი ეს პროექტები დამტკიცებულია.
6. ფონდში შენატანები არ უნდა იყოს დაკავშირებული რაიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან სხვა პირობებთან, რომლებიც ეწინააღმდეგება წინამდებარე კონვენციის მიზნებს.
7. მხარეები ესწრაფვიან, რომ რეგულარულად ხორციელდებოდეს ნებაყოფლობითი შენატანები წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის.

მუხლი 19 – ინფორმაციის გაცვლა, ანალიზი და გავრცელება

1. მონაწილეები თანხმდებიან, გაცვალონ ინფორმაცია და გაუზიარონ გამოცდილება, რომელიც ეხება კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების შესახებ მონაცემების შეკრებას და სტატისტიკას, და ასევე კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და ხელშეწყობის საუკეთესო პრაქტიკას.
2. იუნესკო, სამდივნოს ფარგლებში არსებული მექანიზმების დახმარებით, ხელს შეუწყობს ყველა საჭირო ინფორმაციის, სტატისტიკის და საუკეთესო პრაქტკის შეკრებას, ანალიზსა და გავრცელებას.
3. იუნესკო ასევე შექმნის და განაახლებს კულტურული თვითგამოხატვის სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა სექტორის, სამთარობო, კერძო და არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ მონაცემთა ბანკს.
4. მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობის მიზნით იუნესკო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს შესაძლებლობათა შექმნას და გამოცდილების განმტკიცებას იმ მონაწილეებისთვის, რომლებიც მას ამგვარი დახმარების თხოვნით მიმართავენ.
5. წინამდებარე მუხლში განსაზღვრული ინფორმაციის შეგროვება ავსებს მე–9 მუხლში განმარტებულ ინფორმაციას.

V. კავშირი სხვა სამართლებრივ დოკუმენტებთან

მუხლი 20 – კავშირი სხვა ხელშეკრულებებთან: ურთიერთმხარდაჭერა, ურთიერთშევსება და თანაბარი მნიშვნელობა

1. მონაწილენი აღიარებენ, რომ ისინი კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდნენ წინამდებარე კონვენციით და ყველა იმ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ თავიანთ ვალდებულებებს, რომელთა მიმართაც ისინი განიხილებიან როგორც მხარეები. აქედან გამომდინარე, ვინაიდან წინამდებარე კონვენცია სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების თანაბარმნიშვნელოვანია:
(ა) მონაწილენი ხელს შეუწყობენ წინამდებარე კონვენციას და იმ სხვა ხელშეკრულებებს შორის ურთიერთმხარდაჭერას, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ; და
(ბ) იმ ხელშეკრულებების ინტერპრეტაციისას, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ, ან სხვა საერთაშორისო ვალდებულებების მიღებისას, მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ წინამდებარე კონვენციის დებულებები.
2. წინამდებარე კონვენციაში არაფერი იქნება გაგებული ისე, რომ შესაძლებელი გახდეს რომელიმე იმ სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრული მონაწილეთა უფლებებისა თუ ვალდებულებების შეცვლა, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ.

მუხლი 21 – საერთაშორისო კონსულტაციები და კოორდინირება

მონაწილეები იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ წინამდებარე კონვენციის მიზნებსა და პრინციპებს სხვა საერთაშორისო ფორუმებზე. ამისათვის მონაწილენი, საჭიროების შემთხვევაში, გამართავენ კონსულტაციებს და იმოქმედებენ ამ მიზნების და პრინციპების სულისკვეთებით.

VI. კონვენციის ორგანოები

მუხლი 22 – მონაწილეთა კონფერენცია

1. ფუძნდება მონაწილეთა კონფერენცია. ეს კონფერენცია წინამდებარე კონვენციის პლენარული და უზენაესი ორგანო იქნება.
2. მონაწილეთა კონფერნცია რიგით სესიებს გამართავს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, იუნესკოს გენერალური კონფერენციის ფარგლებში. შეიძლება მოიწვიონ მისი რიგგარეშე სესიაც, თუ ამას გადაწყვეტს სამთავრობოთაშორისო კომიტეტი ან თუ ამის შესახებ მას თხოვნით მიმართავს მონაწილეთა სულ მცირე ერთი მესამედი.
3. მონაწილეთა კონფერენცია პროცედურების თაობაზე საკუთარ წესებს მიიღებს,
4. მონაწილეთა კონფერენციის ფუნქციები იქნება, კერძოდ, შემდეგი:
(ა) სამთავრობათაშორისო კომიტის წევრების არჩევა;
(ბ) სამთავრობათაშორისო კომიტეტის მიერ გადაცემული წინამდებარე კონვენციის მონაწილეთა ანგარიშების მიღება და შემოწმება;
(გ) მისი თხოვნით სამთავრობათაშორისო კომიტეტის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების დამტკიცება;
(დ) ნებისმიერი სხვა ისეთი ზომების მიღება, რომლებიც საჭიროდ იქნება მიჩნეული წინამდებარე კონვენციის მიზნების მიღწევისათვის.

მუხლი 23 – სამთავრობათაშორისო კომიტეტი

1. კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და ხელშეწყობის სამთავრობათაშორისო კომიტეტი (შემდგომში „სამთარობათაშორისო კომიტეტი“) იქმნება იუნესკოს ფარგლებში. მასში შევლენ წინამდებარე კონვენციის 18 მონაწილე სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებსაც 29–ე მუხლის თანახმად მონაწილეთა კონფერენცია ოთხი წლის ვადით აირჩევს წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ.
2. სამთავრობათაშორისო კომიტეტი ყოველწლიურად შეიკრიბება.
3. სამთავრობათაშორისო კომიტეტი იმუშავებს მონაწილეთა კონფერენციის ხელმძღვანელობით და მისი მითითებების საფუძველზე და ანგარიშვალდებული იქნება მის წინაშე.
4. სამთავრობათაშორისო კომიტეტის წევრების რაოდენობა 24–მდე გაიზრდება, როცა წინამდებარე კონვენციის მონაწილეთა რიცხვი 50–ს მიაღწევს.
5. სამთავრობათაშორისო კომიტეტის წევრების არჩევა ეფუძნება თანასწორი გეოგრაფიული წარმომადგენლობის და ასევე როტაციის პრინციპს.
6. წინამდებარე კონვენციით მისთვის დაკისრებული სხვა ვალდებულებებისათვის ზიანის მიუყენებლად, სამთავრობათაშორისო კომიტეტს ექნება შემდეგი ფუნქციები:
(ა) ხელი შეუწყოს წინამდებარე კონვენციის მიზნების მიღწევას და წაახალისოს და მონიტორინგი გაუწიოს მის განხორციელებას;
(ბ) შეიმუშაოს და მონაწილეთა კონფერენციას დასამტკიცებლად წარუდგინოს, მისი მოთხოვნით, წინამდებარე კონვენციის დებულებების განხორციელების და გამოყენების ოპერატიული სახელმძღვანელო მითითებები;
(გ) გადასცეს მონაწილეთა კონფერენციას წინამდებარე კონვენციის მონაწილეთა მიერ შედგენილი ანგარიშები კომენტარებთან და მათ მოკლე შინაარსებთან ერთად;
(დ) შეიმუშაოს რეკომენდაციები იმ სიტუაციებთან დაკავშირებით, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდება კონვენციის მონაწილეებისაგან კონვენციის შესაბამისი დებულებების, კერძოდ, მე–8 მუხლის თანახმად;
(ე) დაიდოს იმ კონსულტაციების პროცედურები და სხვა მექანიზმები, რომელთა მიზანია წინამდებარე კონვენციის პრინციპების და მიზნების პროპაგანდა სხვა საერთაშორისო ფორუმებზე;
(ვ) შეასრულოს ნებისმიერი სხვა ამოცანები, რომლებსაც მონაწილეთა კონფერენცია დაავალებს.
7. სამთავრობათაშორისო კომიტეტს, თავისი პროცედურული წესების თანახმად, ნებისმიერ დროს შეუძლია სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციები თუ ფიზიკური პირები მიიწვიოს სპეციფიკურ საკითხებზე კონსულტაციებისათვის სხდომებში მონაწილეობის მისაღებად.
8. სამთავრობათაშორისო კომიტეტი მოამზადებს საკუთარ პროცედურულ წესებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მონაწილეთა კონფერენციას.

მუხლი 24 – იუნესკოს სამდივნო

1. კონვენციის ორგანოებს დახმარებას გაუწევს იუნესკოს სამდივნო.
2. სამდივნო მოამზადებს მონაწილეთა კონფერენციის, სამთავრობათაშორისო კომიტეტის დოკუმენტებს და ასევე მათი სხდომების დღის წესრიგს და დაეხმარება გადაწყვეტილებების განხორციელებაში და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების შედგენაში.

VII. დასკვნითი დებულებები

მუხლი 25 – დავის გადაჭრა

1. კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წინამდებარე კონვენციის მონაწილეებს შორის რაიმე დავის წამოჭრის შემთხვევაში, მონაწილენი ეცდებიან მის გადაწყვეტილებას მოლაპარაკების გზით.
2. თუ მონაწილენი ვერ მოახდენენ დავის გადაჭრას მოლაპარაკების გზით, მაშინ მათ, ერთობლივად, უნდა მიმართონ მესამე მხარეს ან მოითხოვონ მისი შუამდგომლობა.
3. თუ არ იქნება გაწეული სათანადო მომსახურება ან შუამდგომლობა ანდა არ იქნება მიღწეული მოწესრიგება მოლაპარაკების გზით, სათანადო მომსახურებით ან შუამდგომლობით, მონაწილეს შეუძლია დაარეგულიროს ეს წინამდებარე კონვენციის დანართში მოცემული პროცედურების შესაბამისად. მონაწილენი კეთილსინდისიერად განიხილავენ მომრიგებელი კომისიის მიერ შემოტანილ წინადადებას დავის გადაჭრის თაობაზე.
4. კონვენციის რატიფიცირების, მიღების ან მასთან შეერთებისას ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ აღიარებს მორიგების ზემოხსენებულ პროცედურას. ყოველ მონაწილეს, რომელსაც გაკეთებული აქვს ამგვარი განცხადება, ნებისმიერ დროს შეუძლია მისი გაუქმება იუნესკოს გენერალური დირექტორისთვის შესაბამისი შეტყობინების წარდგენის შემდეგ.

მუხლი 26 – მონაწილე სახელმწიფოთა მიერ კონვენციის რატიფიცირება, მიღება და მასთან შეერთება

1. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას, დამტკიცებას ან მასთან შეერთებას იუნესკოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან მათი შესაბამისი კონსტიტუციური პროცედურების მიხედვით.
2. კონვენციის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცებისა თუ შეერთების შესახებ დოკუმენტები შესანახად გადაეცემა იუნესკოს გენერალურ დირექტორს.

მუხლი 27 – კონვენციასთან შეერთება

1. წინამდებარე კონვენცია შეერთებისთვის გახსნილია იუნესკოს ყველა არაწევრი სახელმწიფოსათვის, რომლებიც გაეროს ან მისი რომელიმე სპეციალიზებული დაწესებულების წევრები არიან და რომლებსაც იუნესკოს გენერალური კონფერენცია იწვევს კონვენციასთან შესაერთებლად.
2. წინამდებარე კონვენცია შესაერთებლად ასევე გახსნილია იმ ტერიტორიებისთვის, რომლებსაც აქვთ გაეროს მიერ აღიარებული სრული შიდა თვითმართველობა, მაგრამ არ მიუღწევიათ სრული დამოუკიდებლობისათვის გენერალური ასამბლეის 1514 (XV) რეზოლუციის მიხედვით, და რომლებიც კომპეტენტურნიარიან წინამდებარე კონვენციით რეგულირებად საკითხებში, ამგვარ საკითხებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებთან შეერთების კომპეტენციის ჩათვლით.
3. შემდეგი დებულებები ეხება რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებს:
(ა) წინამდებარე კონვენცია შესაერთებლად ასევე გახსნილია რეგიონული ეკონომიკური ინტეგრატციის ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომლებსაც, ქვემოთ მოცემული შემთხვევების გარდა, ისევე ეკისრებათ წინამდებარე კონვენციის დებულებების შესრულება, როგორც მონაწილე სახელმწიფოებს;
(ბ) იმ შემთხვევაში თუ ამგვარი ორგანიზაციის ერთი ან მეტი წევრი სახელმწიფო ასევე წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის მონაწილეს, ორგანიზაცია და ამგვარი წევრი სახელმწიფო ან სახელმწიფოები თანხმდებიან გაინაწილონ პასუხისმგებლობა წინამდებარე კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. პასუხისმგებლობის ამგვარი განაწილება ძალაში შევა მხოლოდ (გ) ქვეპუნქტში აღწერილი შეტყობინების პროცედურის შემდეგ. ორგანიზაცია და წევრი სახელმწიფოები ერთდროულად ვერ ისარგებლებენ წინამდებარე კონვენციით მინიჭებული უფლებებით. გარდა ამისა, რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით ხმის უფლების გამოყენების თვალსაზრისით, აქვთ იმდენი ხმა, რამდენიც არის წევრი სახელმწიფო, რომელიც იმავდროულად წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოა. ამგვარი ორგანიზაცია ვერ გამოიყენებს კენჭისყრის უფლებას, თუ რომელიმე მისი წევრი სახელმწიფო იყენებს თავის უფლებას და პირიქით.
(გ) რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია და მისი წევრი სახელმწიფო თუ სახელმწიფოები, რომლებიც შეთანხმდებიან პასუხისმგებლობის განაწილებაზე. (ბ) ქვეპუნქტის თანახმად, პასუხისმგებლობის ამგვარი შეთავაზებული განაწილების შესახებ მონაწილეებს შემდეგნაირად შეატყობინებენ:
(i) კონვენციასთან შეერთების შესახებ დოკუმენტში ორგანიზაციამ მკაფიოდ უნდა მიუთითოს იმ საკითხებში პასუხისმგებლობის განაწილების თაობაზე, რომლებსაც კონვენცია არეგულირებს;
(ii) პასუხისმგებლობის განაწილებაში რაიმე მოგვიანებით შეტანილი ცვლილებების შემთხვევაში რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციამ დეპოზიტარს უნდა შეატყობინოს ნებისმიერი ამგვარი ცვლილება; თავის მხრივ დეპოზიტარი ამგვარ ცვლილებას მონაწილეებს ატყობინებს;
(დ) იგულისხმება რომ რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც წინამდებარე კონვენციის მონაწილენი გახდნენ, ინარჩუნებენ კომპეტენციას ყველა იმ საკითხში, რომლებთან დაკავშირებითაც ოროგანიზაციისთვის კომპეტენციის გადაცემა არ ყოფილა საგანგებოდ გამოცხადებული ან დეპოზიტარისთვის შეტყობინებული;
(ე) „რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია“ ნიშნავს ორგანიზაციას, რომელიც შედგება გაეროს ან ნებისმიერი მისი სპეციალიზებული დაწესებულების წევრი სუვერენული სახელმწიფოებისგან და რომელსაც ამ სახელმწიფოებმა გადასცეს უფლებამოსილება წინამდებარე კონვენციით რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით და რომელიც სათანადოდაა უფლებამოსილი გახდეს მისი მონაწილე მისივე შიდა პროცედურების თანახმად.
4. კონვენციასთან შეერთების შესახებ დოკუმენტი შესანახად გადაეცემა იუნესკოს გენერალურ დირექტორს.

მუხლი 28 – საკონტაქტო პირი

წინამდებარე კონვენციის მონაწილედ გახდომის შემდეგ, თითოეული მათგანი დანიშნავს საკონტაქტო პირს, როგორც ეს დადგენილია მე–9 მუხლში.

მუხლი 29 – ძალაში შესვლა

1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ ოცდამეათე დოკუმენტის შესანახად გადაცემის დღიდან სამი თვის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ სახელმწიფოების ან რეგიოლნული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებისათვის, რომლებმაც რატიფიცირების, მიღების, დამტკიცებისა თუ შეერთების შესახებ თავიანთი დოკუმენტები ამ დღეს ან მანამდე გადასცეს, ნებისმიერი სხვა მონაწილე სახელმწიფოსათვის იგი ძალაში შევა იმ დღიდან სამი თვის შემდეგ, როცა შესანახად გადაეცა მისი დოკუმენტი რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ.
2. წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციის მიერ შესანახად გადაცემული არანაირი დოკუმენტი არ ჩაითვლება იმ დოკუმენტების დამატებად, რომლებიც შესანახად გადასცეს ამ ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა.

მუხლი 30 – ფედერალური ანუ არაუნიტარული კონსტიტუციური სისტემები

ვინაიდან აღიარებულია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები მხარეებს არანაირ ვალდებულებებს აკისრებს მათი კონსტიტუციური სისტემების მიუხედავად, მონაწილეთა მიმართ, რომლებსაც ფედერალური ანუ არაუნიტარული კონსტიტუციური სისტემები აქვთ, მოქმედებს შემდეგი დებულებები:
(ა) წინამდებარე კონვენციის დებულებებთან მიმართებაში, რომელთა განხორციელებაზეც ფედერალური ან ცენტრალური საკანონმდებლო ხელისუფლების სამართლებრივი იურისდიქცია ვრცელდება, ფედერალურ ან ცენტრალურ მთავრობას ისეთივე ვალდებულებები ეკისრება, როგორიც იმ მონაწილეებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ფედერალურ სახელმწიფოებს;
(ბ) წინამდებარე კონვენციის დებულებებთან მიმართებაში, რომელთა შესრულებაც ექვემდებარება სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი ყოველი სუბიექტის იურისდიქციას, კერძოდ ისეთების, როგორიცაა შტატები, საგრაფოები, პროვინციები ან კანტონები, რომლებიც ფედერაციის კონსტიტუციური სისტემის შესაბამისად ვალდებული არ არიან მიიღონ საკანონმდებლო ზომები, ფედერალური მთავრობა შეატყობინებს, საჭიროების შესაბამისად, ისეთი სუბიექტების კომპეტენტურ ორგანოებს, როგორიცაა შტატები, საგრაფოები, პროვინციები თუ კანტონები, ზემოხსენებულ დებულებებს და მიაწვდის რეკომენდაციას მათი მიღების თაობაზე.

მუხლი 31 – დენონსაცია

1. წინამდებარე კონვენციის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია მისი დენონსირება.
2. დენონსაციის შესახებ შეტყობინება ხდება წერილობითი დოკუმენტით, რომელიც შესანახად გადაეცემა იუნესკოს გენერალურ დირექტორს.
3. დენონსაცია ძალაში შევა დენონსაციის შესახებ შესაბამისი დოკუმენტის მიღებიდან თორმეტი თვის შემდეგ. იგი არავითარ შემთხვევაში არ ეხება იმ მონაწილის ფინანსურ ვალდებულებებს, რომლებიც კონვენციის დენონსაციის მომხდენმა მონაწილემ უნდა შეასრულოს იმ თარიღამდე, როცა კონვენციიდან გამოსვლა ძალაში შევა.

მუხლი 32 – დეპოზიტარის ფუნქციები

იუნესკოს გენერალური დირექტორი, როგორც წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარი, ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, ორგანიზაციის არაწევრ სახელმწიფოებს და რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებს, მოხსენიებულს 27–ე მუხლში, და ასევე გაეროს შეატყობინებს, რომ მას შესანახად ჩაბარდა 26–ე და 27–ე მუხლებით განსაზღვრული რატიფიცირების, მიღების, დამტკიცებისა და შეერთების შესახებ ყველა დოკუმენტი და ასევე 31–ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები დენონსაციის შესახებ.

მუხლი 33 – შესწორებები

1. წინამდებარე კონვენციის მონაწილეს, გენერალურ დირექტორთან გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით, შეუძლია წამოაყენოს წინამდებარე კონვენციაში შესწორების შეტანის წინადადება, გენერალური დირექტორი აღნიშნულ შეტყობინებას დაუგზავნის ყველა მონაწილეს. თუ ამგვარი შეტყობინების დაგზავნის თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეთა სულ ცოტა ნახევარი დაეთანხმება შეთავაზებულ შესწორებას, გენერალური დირექტორი ამ წინადადებას წარადგენს მონაწილეთა კონფერენციის მომდევნო სესიაზე მისი გახილდვის და შესაძლო მიღების მიზნით.
2. შესწორებას იღებენ დამსწრე და კენჭისყრის მონაწილე უმრავლესობის ხმათა ორი მესამედით.
3. მიღების შემდეგ წინამდებარე კონვენციის შესწორებები გადაეცემა მონაწილეებს მისი რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების თუ შეერთების მიზნით.
4. იმ მონაწილეთათვის, რომლებმაც მოახდინეს წინამდებარე კონვენციის შესწორებების რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება ან მიუერთდნენ მას, აღნიშნული შესწორებები ძალაში შევა სამი თვის შემდეგ, რაც მონაწილეთა ორი მესამედი შესანახად ჩააბარებს წინამდებარე მუხლის მე–3 პუნქტში ნახსენებ დოკუმენტებს, ამის შემდეგ თითოეული მონაწილისათვის, რომელიც მოახდენს შესწორებების რატიფიცირებას, მიღებას, დამტკიცებას ან მიუერთდება მათ, ამგვარი შესწორებები ძალაში შევა სამი თვის შემდეგ მონაწილის მიერ რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღიდან სამი თვის შემდეგ.
5. მე–3 და მე–4 პუნქტებში ჩამოყალიბებული პროცედურა არ გამოიყენება 23–ე მუხლის შესწორებების მიმართ, რომელიც ეხება სამთავრობათაშორისო კომიტეტის წევრების რაოდენობას. ასეთი შესწორებები მათი მიღებისთანავე ძალაში შედის.
6. სახელმწიფო ან 27–ე მუხლში ნახსენები რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია, რომელიც წინამდებარე მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად შესწორებების ძალაში შესვლის შემდეგ ხდება წინამდებარე კონვენციის მონაწილე, თუ რაიმე სხვა აზრი არ გამოითქვა, მიიჩნევა:
(ა) წინამდებარე კონვენციის მონაწილედ, რომელშიც შეტანილია ამგვარი შესწორებები; და
(ბ) წინამდებარე კონვენციის მონაწილედ, რომელშიც არ არის შეტანილი რაიმე შესწორებები რომელიმე მონაწილის მიმართ, რომელზეც არ ვრცელდება ასეთი შესწორებების მოქმედება.

მუხლი 34 – აუთენტური ტექსტები

წინამდებარე კონვენცია შედგენილია არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე. ექვსივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია.

მუხლი 35 – რეგისტრაცია

გაეროს წესდების 102–ე მუხლის თანახმად, წინამდებარე კონვენციის რეგისტრაციას ახედენს გაეროს სამდივნო იუნესკოს გენერალური დირექტორის თხოვნის საფუძველზე.

დანართი

მორიგების პროცედურა

მუხლი 1 – მომრიგებელი კომისია

მომრიგებელი კომისია შეიქმნება დავის ერთ–ერთი მონაწილე მხარის მოთხოვნით. კომისიის შემადგენლობაში შევა, თუ მონაწილენი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ხუთი წევრი; ორ–ორს დანიშნავს თითოეული მონაწილე, ხოლო თავმჯდომარეს მონაწილეთა შეთანხმების საფუძველზე აირჩევენ.

მუხლი 2 – კომისიის წევრები

თუ დავაში ორ მონაწილეზე მეტია ჩართული, მსგავსი ინტერესების მქონე მონაწილენი კომისიაში თავიანთ წევრებს ერთობლივად, შეთანხმების საფუძველზე დანიშნავენ. თუ ორ ან მეტ მონაწილეს განსხვავებული ინტერესები აქვთ ან თუ ვერ შეთანხმდებიან იმის თაობაზე, აქვთ თუ არა საერთო ინტერესები, თავიანთ წევრებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დანიშნავენ.

მუხლი 3 – დანიშვნა

თუ რომელიმე მონაწილე მომრიგებელი კომისიის შექმნის შესახებ მოთხოვნათა წარდგენის თარიღიდან ორი თვის განმავლობაში არ დანიშნავს სასურველ წევრს, იუნესკოს გენერალური დირექტორი იმ მონაწილის თხოვნით, რომელმაც ამგვარი კომისიის შექმნის წინადადება წარმოადგინა, ასეთ დანიშვნას შემდგომი ორი თვის განმავლობაში განახორციელებს.

მუხლი 4 – კომისიის თავმჯდომარე

თუ მომრიგებელი კომისიის თავმჯდომარე არ დაინიშნება კომისიის ბოლო წევრის დანიშვნის დღიდან ორი თვის განმავლობაში, იუნესკოს გენერალური დირექტორი, ერთ–ერთი მხარის მოთხოვნით, ასეთ დანიშვნას შემდგომი ორი თვის განმავლობაში განახორციელებს.

მუხლი 5 – გადაწყვეტილებები

მომრიგებელი კომისია გადაწყვეტილებებს მიიღებს წევრების ხმათა უმრავლესობით. თუ დავის მონაწილე მხარეები სხვაგვარად არ გადაწყვეტენ, იგი თავად დაადგენს საკუთარ პროცედურას. მას შეაქვს დავის გადაჭრის წინადადება, რომელიც მონაწილეებმა კეთილსინდისიერად უნდა განიხილონ.

მუხლი 6 – უთანხმოება

მომრიგებელი კომისიის კომპეტენციასთან დაკავშირებულ უთანხმოებას თავად კომისია გადაწყვეტს.