10 ოქტომბერი, ფოთი (შეხვედრა 11)

10 ოქტომბერს, ფოთში პროექტის ფარგლებში მეთერთმეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემები:

• კულტურულ პროცესში თანაბარი მონაწილეობისა და შედეგით სარგებლობის უფლების განხორციელება;
• ურბანული განვითარებისათვის კულტურული ასპექტების ეკონომიკური მნიშვნელობით გამოყენება;
• ხელოვანთა მდგომარეობის საკითხები:
• კულტურის მნიშვნელობა სოციალური ერთობისთვის :

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის, მუნიციპალური ააიპ-ების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და შემოქმედებითი ორგანიზაციების წევრებმა.

პროექტისა და კონვენციის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს კულტურის როლსა და მის მნიშვნელობაზე საზოგადოების განვითარებისათვის. ასევე კულტურული პროცესების კონსტრუქციული კრიტიკის აუცილებლობაზე და ხელოვანთა სტიმულირებაზე.

დამსწრეთა ნაწილის აზრით, წვდომა რესურსებზე კულტურის სფეროში არ არის თანაბარი, რაც ხელს უშლის ადგილობრივ ხელოვანთა თვითგამოხატვას; ამ კონტექსტში გაიმართა დისკუსია თავისუფალ ხელოვანთა სტატუსის არსებობის, გარკვეულ პრეფერენციებისა და ხელშეწყობის ხერხების საჭიროებაზე.

აღინიშნულ იქნა, რომ კულტურის დაწესებულებების სტაბილური ფუნქიონირების მიუხედავად აუცილებელია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ( მაგალითად, სამხატვრო გალერეის ახალი შენობის აშენება, ბიბლიოთეკებში წიგნადი ფონდის განახლება, და სხვა), კულტურული პროდუქტისა და მომსახურების განვითარებისათვის სახსრების მოძიების საშუალებების გამრავალფეროვნება. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სხვადსახვა უწყებათა კომუნიკაციის სფეროში არსებულ პრობლემებს.
დისკუსიაში მონაწილეებმა იმსჯელეს ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში არსებულ პრობლემებზე. კერძოდ, განათლების ინსტიტუციებსა და კულტურის დაწესებულებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე, თეატრებისათვის ბილეთების გავრცელების სისტემის დახვეწაზე, აუდიტორიის მოზიდვის საშუალებებზე ( განსაკუთრებით თოჯინების თეატრის აუდიტორიასთან დაკავშირებულ პრობლემზე, ბაღებსა და სკოლებში ბილეთების გავრცელების და გასვლითი წარმოდგენების შეუძლებლობაზე).

ასევე გამოითქვა აზრი სახელოვნებო განათლების სისტემაში პროფესიული საფეხურის აღდგენის საჭიროებაზე, მუსიკალური სასწავლებლის სრულფასოვანი ფუნქციონირების (მუსიკალური ინსტრუმენტების განახლებაზე) თაობაზე. ამ კონტექსტში, გამოითქვა ცენტრალიზებული მართვის სისტემის აღდგენის სურვილი.

გადაუჭრელ საკითხად დასახელდა კადრების დაბერება, მათი ჩანაცვლების პრობლემა ახალაზრდების მოტივაციის არარსებობის და პროფესიული კვალიფიკაციის შეუსაბამობის გამო ( კარდების დეფიციტი განსაკუთრებით მოსალოდნელია ისეთ სფეროებში, როგორიცაა შემოქმედებითი პედაგოგიკა – მუსიკის პედაგოგები, და რიგი სხვა იშვიათი პროფესია – მაგ, თეატრალური თოჯინების ოსტატები).

საუბარი შეეხო კულტურასა და სოციალურ ერთობას; ამ კონტექსტში იძულებით გადაადგილებულ პირთა კულტურული ინტეგრირების საკითხს, რაც მონაწილეთა აზრით რთულდება მათი კომპაქტურად დასახლების გამო.

ცოცხალი დისკუსია გაიმართა პრიორიტეტების საკითხზე კულტურის სფეროში. დიდ პრობლემად დასახელდა ქალაქსა და პორტს შორის არსებული დამოკიდებულება და ადგილობრივი საჭიროებების უგულებელყოფა; ზოგადად დასაქმების პრობლემა, და კერძოდ, კულტურის სფეროში დასაქმების არამომგებიანობა , დაბალი შემოსავალი; და როგორც შედეგი, ახალგაზრდა თაობის გადინება სფეროდან და ქალაქიდან.

საუბარი შეეხო ხელოვანთა მობილობის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ასევე მოხალისეობის კულტურას – მისი გაძლიერების აუცილებლობას.

შეხვედრის პროცესში გამოიკვეთა მონიტორინგისა და ხარისხის საკითხი, რომელიც საჭიროებს კვალიფიციურ და ექსპერტულ მიდგომას. შეხვედრის მონაწილეებმა აუცილებლად მიიჩნიეს ხარისხის კონტროლის არსებობა.
ასევე რეკომენდაციის სახით გამოითქვა მოსაზრება მუნიციპალური სახსრების გასაძლიერებლად გამოყენებულ იქნას კერძო სექტორის შემოწირულობა; ამისათვის კი შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა /დონაციის კანონი, საგადასახადო შეღავათების სისტემა/; გარდა ამისა, აღინიშნა გარე კონტროლის მექანიზმის შემუშავების და შესაბამისი პროექტების დაგეგმვის აუცილებლობა.

8 ოქტომბერი, თბილისი (შეხვედრა 10)

8 ოქტომბერს ევროპის სახლში (თბილისი) პროექტის ფარგლებში მეათე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემები:

• სუვერენიტეტის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის საკითხები
• კონვენციის იმპლემენტაციისათვის ხელშემწყობი გარემოს საკითხები
• მედიის როლი კულტურის სფეროს განვითარებაში

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კულტურის სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა, სოციოლოგებმა, ჟურნალისტებმა, ასევე სახელმწიფო უწყებების – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის- წარმომადგენლებმა.

პროექტისა და კონვენციის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შემუშავების სტადიაში მყოფ კულტურის სტრატეგიის მიმართ; ამ კონტექსტში იმსჯელეს 2005 წლის პარიზის კონვენციის განხორციელებისა და მისი ხელშესახები შედეგების თაობაზე, სტრატეგიაში კონვენციის პრინციპების და მიზნების ჩართვის აუცილებლობაზე.

დაისვა კითხვები კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის შესაძლებლობაზე, თუ თავად სახელმწიფოს არ აქვს ამ იმპლემენტაციის გეგმა შემუშავებული; ასევე იმ ბერკეტებზე, რომელიც ჩადებულია თავად კონვენციაში, და რომელიც უზრუნველყოფს ხელმომწერი მხარის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას.

კონვენციის იმპლემენტაციასთან მიმართებით დისკუსია გაიმართა შემდეგი მიმართულებებით: რამდენად ხელეწიფება საქართველოს გამოიყენოს კონვენციით დეკლარირებული პრეფერენციული რეჟიმი განვითარებადი ქვეყნებისათვის და როგორ უნდა მოითხოვოს განვითარებული ქვეყნებისაგან ხელშეწყობა; რამდენად შესაძლებელია კონვენცია თავის სასიკეთოდ გამოიყენოს ქვეყანამ – რამდენად მზად არის ჩვენი სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება ამისთვის; არის ამის მზაობა, თუ ეს პრობლემაა…
ასევე ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა ზემოაღნიშნული სტარტეგიისა და სამოქმედო გეგმის ბიუჯეტის საკითხი: მონაწილეთა აზრით, რთულია იმსჯელო კულტურის პოლიტიკის ავკარგიანობაზე მაშინ, როდესაც მისი ბიუჯეტი უცნობია; ასევე, კონვენციის აღსრულების გეგმაზეც, რომელსაც არ აქვს შესაბამისი დაფინანსება ( სახელმწიფოს მიერ კონვენციის ხელმოწერიდან (2008 წლიდან) დღემდე იმპლემენტაციისათვის გათვალისწინებული ბიუჯეტი არ არსებობს).

შეხვედრის ზოგიერთი მონაწილის აზრით, ამ ფონზე მონიტორინგის განახორციელების პირობები არ არსებობს. ამასთან გამოითქვა მოსაზრება, რომ ნაწილობრივი გამოსავალია კოალიციის შექმნა, რომელმაც არასამთავრობო სექტორისათვის თავად უნდა ჩამოაყალიბოს სამოქმედო გეგმა, შეძლოს იმპლემენტაციის მონიტორინგი; შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულების კულტურის სეგმენტის მონიტორინგიც.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს კულტურის გაშუქებასთან დაკავშირებით მედიაში არსებულ მდგომარეობაზე. მათი აზრით, ამ სექტორის განვითარებისთვის ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე არაფერი გაკეთებულა. არ არსებობს კულტურის არხი თუ პრესა. ასევე, არ არსებობს კულტურის ჟურნალისტის პროფესიის დასაუფლებლად აუცილებელი საგანმანათლებლო გარემო, არ ხდება ამ პროფესიის შესაბამისი სტაბილური ინსტიტუციური განვითარება, სახელმწიფოს მიერ არ ხდება მისი დაფინანსება, ხელი არ ეწყობა კულტურის ჟურნალისტიკის პროფესიონალიცაზიის განვითარებას.

მონაწილეებმა განიხილეს განათლების სისტემაში არსებული პრობლემები, უწყებათა შორის, კერძოდ, კულტურისა და განათლების სამინისტროებს შორის არასაკმარისი თანამშრომლობის შედეგად გარკვეული უარყოფითი ცვლილებები, რომელნიც სახელოვნებო განათლებაში არაადექვატურ სირთულეების წარმოშობს.

რეკომენდაციის სახით გამოითქვა მოსაზრება, რომ გამახვილდეს ყურადღება სახელოვნებო განათლების სფეროზე ზოგადად, და კერძოდ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და ექსპერტულმა საზოგადოებამ მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსთან თანამშრომლობისას კულტურის სფეროს პროფესიების ჰარმონიული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განვითარებისათვის აუცილებელი საკვალიფიკაციო ჩარჩოს, სტანდარტებისა თუ კურიკულუმების შედგენისას (განსაკუთრებით ინტერდისციპლინარული დარგების სფეროში, როგორიცაა კულტურის მენეჯმენტი, ხელოვნებათმცოდნეობა და ა. შ.)

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკური უმცირესობების, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კულტურულ საჭიროებებზე ინტერდისციპლინარული კვლევების ჩატარების აუცილებლობა; ასევე ამ ჯგუფებში ინტერკულტულური განათლების საჭიროება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლების მიერ იყო მოწოდებული ინფორმაცია, რომ სისტემური კვლევების არარსებობის მიუხედავად, არსებობს რიგი დოკუმენტები, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა და ნაწილობრივ ეხება ამ საკითხებს.

შეხვედრაზე ასევე იყო გამოთქმული მოსაზრებები საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფრთხის წინაშე მყოფი ენების თაობაზე, კერძოდ აფხაზურ, უბიხურ ენებზე; ასევე გამოითქვა აზრი ჩეჩნურ ენასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ.

23 სექტემბერი, თბილისი (შეხვედრა 9)

23 სექტემბერს ევროპის სახლში (თბილისი) პროექტის ფარგლებში მეცხრე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემები:

•    იდენტობის რაობა
•    ინტერკულტურული დიალოგის პრობლემები
•    ხელოვანთა  მდგომარეობის და მობილობის საკითხები
•    კულტურის მნიშვნელობა  სოციალური ერთობისთვის
•    მედიის მრავალფეროვნების გაფართოების ხელშეწყობა, როგორც კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობისაკენ მიმართული ზომები

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა (სოციოლოგიის ბაკალავრები და მაგისტრანტები, სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები) და არასამთავრობო სექტორის აქტივისტებმა.

პროექტისა და კონვენციის დოკუმენტის პრეზენტაცია  წარმოადგინა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

შეხვედრის მონაწილე სტუდენტების აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა კულტურული თვითგამოხატვის კონტექსტში არის შემწყნარებლობის დეფიციტი, განსაკუთრებით სკოლებში. ეკლესია დასახელდა როგორც არატოლერანტული დამოკიდებულების ერთ-ერთი მთვარი ხელშემწყობი ფაქტორი, განსაკუთრებით ლგბტ თემის მიმართ.

მონაწილეებმა განიხილეს მედიის როლი – მათი აზრით, საქართველოში მედია არასაკმარის ყურადღებას უთმობს კულტურული მრავალფეროვნების გაშუქებას. მათ ასევე აღნიშნეს კულტურის სფეროში კვალიფიცირებული ჟურნალისტების ნაკლებობა, რასაც მოჰყვა მსჯელობა ზოგადად კადრების კვალიფიკაციის ხარისხზე და პროფესიონალიზაციის აუცილებლობაზე.

რეკომენდაციების სახით გამოითქვა შემდეგი მოსაზრებები:
•    შემწყნარებლობის გასავითარებლად აუცილებელია არაფორმალური განათლება სკოლის ასაკიდან;
•    კადრების პროფესიონალიზაცია ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი  მედიაში, რადგან აუცილებელია პრობლემების არსის სწორი მიწოდება და საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაცია შემწყნარებლობის თემაზე;
•    ინტერკულტურული ბანაკები ბავშვებისთვის, მოზარდებისათვის, როგორც ტოლერანტობის ხელშემწყობი ინსტრუმენტი ( მიღწევადია მცირე რესურსებითა და ვოლონტიორობის საშუალებით);
•     რეგიონებში კულტურული აქტივობების თუ პროდუქტების დოკუმენტირება.

5 სექტემბერი, ბათუმი (შეხვედრა 8)

5 სექტემბერს ბათუმში პროექტის ფარგლებში მერვე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემები:
• კულტურულ პროცესში თანაბარი მონაწილეობისა და კულტურული პროდუქტით სარგებლობის უფლების განხორციელება;
• ურბანული განვითარებისათვის კულტურული ასპექტების ეკონომიკური მნიშვნელობით გამოყენება;
• ხელოვანთა მდგომარეობის საკითხები:
• კულტურის მნიშვნელობა სოციალური ერთობისთვის

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა.

პროექტისა და კონვენციის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

დისკუსიაში მონაწილე ჟურნალისტებმა იმსჯელეს კულტურის როლსა და მის მნიშვნელობაზე საზოგადოების განვითარებისათვის. აღნიშნულ იქნა, რომ აჭარის მედია საშუალებები ყოველთვის ცდილობენ გააშუქონ კულტურული ცხოვრება, მათ შორის კულტურის სფეროს ახალი ამბები; ამასთანავე კულტურის ჟურნალისტიკის სფეროში რესურსების სიმწირის გამო არ ეძლევათ საშუალება იყონ კულტურულ ღონისძიებათა ინსპირატორები, ინიციატორები, როგორც ეს შეუძლიათ ქვეყნის წამყვან კერძო მედია საშუალებებს.

მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს კომუნიკაციის (კერძოდ, PR-ის) სფეროში არსებულ პრობლემებს. გამოითქვა აზრი, რომ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზატორები არ აქცევენ საკმარის ყურადღებას საზოგადოების ინფორმირებას; ასევე, რომ რეგიონალური მედიის წარმომადგენლებს არ აქვთ სრულფასოვანი ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებზე კულტურის სფეროში, კერძოდ 2005 წლის კონვენციით აღებულ ვალდებულებებზე და, შესაბამისად, მის იმპლემენტაციის თაობაზე.

მწვავე და კრიტიკული დისკუსია გაიმართა პრიორიტეტების საკითხზე კულტურის სფეროში. მონაწილეთა აზრით, ასეთი პრიორიტეტები არ არის მკაფიოდ განსაზღვრული არც სახელმწიფო და არც რეგიონალურ დონეზე. შესაბამისად, კულტურულ ღონისძიებათა დაგეგმარება პროფესიული კრიტერიუმების გარეშე ხშირად დამოკიდებულია გადაწყვეტილებების მიმღები პირების პირად გემოვნებასა და სიმპათიებზე, ხოლო მათი შეზღუდული ინფორმირებულობა ამა თუ იმ დარგში მიმდინარე პროცესებისა თუ საჭიროებების თაობაზე კიდევ უფრო ზღუდავს არჩევანს .

ამ კონტექსტში შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ხარვეზები, აღნიშნეს, რომ ხარჯვა ხშირად არის ქაოტური და სპონტანური, ამასთან განხილულ იქნა დაფინანსების კრიტერიუმების საკითხი.

დამსწრეთა ნაწილის აზრით, წვდომა რესურსებზე კულტურის სფეროში არ არის თანაბარი, რაც ხელს უშლის ადგილობრივ ხელოვანთა თვითგამოხატვას; კულტურული პროდუქტის წარმოების პირობები, ისევე როგორც კულტურული მომსახურებისათვის აუცილებელი გარემოს შექმნის შესაძლებლობები უმეტესწილად დამოკიდებულია პირად ნაცნობობაზე, განსაკუთრებით თუ ეს ეხება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გამოყენებას ან რეგიონული ბუჯეტიდან დაფინანსებას.

ცოცხალი განხილვა გაიმართა კომერციული მედიის როლის, მისი ვალდებულებების და პასუხისმგებლობის შესახებ. ხაზი გაესვა მედიის მნიშვნელობას საზოგადოების გემოვნების ჩამოყალიბებაში; ამასთან, განსხვავებით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საზოგადოებრივი მედიისგან, აღიარებული იქნა კომერციული მედიის, როგორც ბიზნესის ინტერესები, მოგებაზე ორიენტაცია და შესაბამისად, ფუნქციონირების გარდაუვალი ხასიათი -მასობრივი კულტურის უპირატესი წარმოჩენა.

საუბარი შეეხო მოხალისეობის კულტურას – მისი გაძლიერების აუცილებლობას.

შეხვედრის პროცესში ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა – მონიტორინგისა და ხარისხის საკითხი, რომელიც საჭიროებს კვალიფიციურ და ექსპერტულ მიდგომას. კერძოდ, მონიტორინგი იმ პროდუქტების ხარისხისა, რომლებიც იქმნება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შედეგად. შეხვედრის მონაწილეებმა აუცილებლად მიიჩნიეს ხარისხის კონტროლის მექანიზმის არსებობა. ასევე რეკომენდაციის სახით გამოითქვა მოსაზრება ხარისხის გარე კონტროლის მექანიზმის შემუშავების თაობაზე და შესაბამისი პროექტების განხორციელების შესახებ.

26 აგვისტო, ზუგდიდი (შეხვედრა 7)

26 აგვისტოს ზუგდიდში პროექტის ფარგლებში მეშვიდე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის თემები:

  • კულტურულ პროცესში თანაბარი მონაწილეობისა  და კულტურული პროდუქტით  სარგებლობის უფლების განხორციელება
  • ენის მნიშვნელობა, ენობრივი მრავალფეროვნების, როგორც კულტურული მრავალფეროვნების ძირითადი ელემენტის ხელშეწყობა
  • ხელოვანთა  მდგომარეობის საკითხები
  • კულტურის მნიშვნელობა  სოციალური ერთობისთვის

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მერიის თანამშრომლებმა, კულტურის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი სსიპ-ის წარმომადგენლებმა (ზუგდიდის თეატრის ხელმძღვანელი), მსახიობებმა, მუსიკოსებმა, აქტივისტებმა.

პროექტისა და კონვენციის დოკუმენტის პრეზენტაცია  წარმოადგინა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც დამსწრეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
განხილულ იქნა ზუგდიდის და, ზოგადად, სამეგრელოს რეგიონის კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესები: მეგრული ენის საკითხი, თვითორგანიზების ნაკლებობის პრობლემა, დაფინანსების სირთულეები და  ბიუროკრატიული ნაკლოვანებები; ასევე აღინიშნა  სხვადასხვა პოზიტიური გამოცდილების მაგალითები.

მონაწილეებმა იკამათეს მეგრული ენის საკითხზე; აზრები გაიყო მისი დაცვა-შენარჩუნების საქმეში სახელმწიფოს როლზე, სწავლების, გამოყენების და პროპაგანდის საკითხზე.

მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა ადგილობრივი თვითმმართველობის  მწირი რესურსები და  ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის  მძიმე მდგომარეობა. კერძოდ,  ადგილობრივი თეატრის შენობის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება დღესაც დიდ პრობლემას წარმოადგენს.

თეატრის კონტექსტში, აღინიშნა კულტურის როლის მნიშვნელობა კონფლიქტების პრევენციისა და სოციალური ერთობის ხელშეწყობაში. მონაწილეების აზრით, ქართული კულტურა პოტენციურად საუკეთესო საექსპორტო პროდუქტი იქნებოდა და მას მეტი ხელშეწყობა ესაჭიროება.
ამ კონტექსტში აღინიშნა კულტურის სფეროში დონორების ნაკლები ჩართულობა და საკანონმდებლო ბაზის არქონა დონორობისა და ფილანტროპიის სფეროში.

შეხვედრის მონაწილეების აზრით ძალზე მნიშვნელოვანია კულტურის სფეროში კვალიფიციური ინიციატივების მდგრადობა (რომ წამოწყებები იყოს გრძელვადიანი და არ იფარგლებოდეს ერთჯერადი პროექტებით). გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო ხშირად მოიაზრება ასეთი მდგრადობის გარანტად, ხოლო არასამთავრობო და თვითორგანიზებული ჯგუფების ძალისხმევისადმი რწმენა ამ კონტექსტში მცირეა.
ასევე ხაზი გაესვა ხელოვნების ტრადიციული დარგების, კერძოდ, კლასიკური მუსიკისა და ფოლკლორის სახელმწიფო მხარდაჭერის აუცილებლობას,  რომლის გარეშეც არსებული ეკონომიკური მდგომარეობის და ბაზრის გათვალისწინებით მათი  განვითარება შეუძლებელია.

შეხვედრაზე გაჟღერდა ხელისუფლების კრიტიკა სახელმწიფოს კულტურის სფეროში არასაკმარისი ჩართულობის გამო.
ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა კულტურასა და ეკონომიკას შორის კავშირის  მნიშვნელობის საკითხის გაცნობიერების საჭიროება; ასევე სახელმწიფოს მიერ კულტურასა და განვითარებას შორის კავშირის, კულტურის მდგრად განვითარებაში მნიშვნელობის  გასაზიარებლად სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მოქმედებების აუცილებლობა. ხაზი  გაესვა ინდივიდუალურ ძალისხმევას ისტორიული მაგალითების მოყვანით.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ, პრობლემების მიუხედავად   რეგიონში მუდმივად იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, კონცერტები,  პოეზიის საღამოები, სპექტაკლები და სხვა.
გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ ფონზე რეგიონის კულტურულ ცხოვრებას აქტიურობა ახალგაზრდების თვითორგანიზებამ უნდა შემატოს. მაგრამ ფინანსური ასპექტის გამო  ახალგაზდების გადინება ამ სფეროდან დიდ  პრობლემად რჩება, ისევე როგორც ხელოვანთა მობილობის შესაძლებლობების ნაკლებობა.

8 აგვისტო, ახალციხე (შეხვედრა 6)

8 აგვისტოს ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის ფარგლებში მეექვსე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემები:
•    კულტურულ პროცესში თანაბარი მონაწილეობისა და შედეგით სარგებლობის უფლების განხორციელება
•    ინტერკულტურული დიალოგის პრობლემები
•    კულტურული ასპექტების ეკონომიკური მნიშვნელობით გამოყენება
•    კულტურის მნიშვნელობა სოციალური ერთობისთვის
•    ენის მნიშვნელობა, ენობრივი მრავალფეროვნების, როგორც კულტურული მრავალფეროვნების ძირითადი ელემენტის, ხელშეწყობა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ახალციხის ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლებმა, კულტურის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ადგილობრივი ააიპ-ების და სსიპ-ის წარმომადგენლებმა , აქტივისტებმა და სტუდენტებმა.
პროექტისა და კონვენციის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მასში მაწილეობა ყველა დამსწრემ მიიღო. ისაუბრეს ახალციხის კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე, ასევე არსებულ პრობლემებზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიება ახალგაზრდობისთვის, მაგალითად, კონცერტები, დისკოთეკები, ძეგლების დათვალიერება, პოეზიის საღამოები, საქველმოქმედო აქციები; ასევე აღინიშნა ახალგაზრდა აქტივისტთა მიერ გარემოს და ძეგლების დასუფთავების აქციები მოხალისეობრივ საწყისებზე.
განხილულ იქნა ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი, მისი გაუმჯობესების შესაძლებლობები (მაგალითად, მომდევნო წლის გეგმის მოდიფიცირება მიმდინარე წელს მიღებული უკუკავშირის საფუძველზე).
ერთ-ერთ ძირითად პრობლემად შეხვედრის მონაწილეების მიერ დასახელდა ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა (თეატრებისთვის შესაბამისი შენობების, კულტურის სახლის, საზოგადოებრივი შეკრებისთვის გამოყოფილი ადგილების არარსებობა ან სარემონტო სახსრეის არარსებობა). მონაწილეების თქმით, ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა აფერხებს სხვადასხვა კულტურული ინსტიტუციების არსებობისთვის აუცილებელი შემოსავლის გენერირებას.
სოციალურ ერთობაზე საუბრისას, მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ახალციხის მრავალეთნიკურ საზოგადოებაში არ არსებობს დაძაბულობა. ქართველებმა იციან ან სწავლობენ სომხურს, ხოლო სომხები (ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობა ახალციხეში) საუბრობენ სახელმწიფო ენაზე. თუმცა ქართული ენა უკეთ ახალგაზრდებმა იციან, ხოლო უფროსი თაობა მას ნაკლებად ფლობს.
ამავდროულად სომხური დიასპორის დაფინანსებით არსებობს სომხური კულტურის და ენის ცენტრი, სადაც ასწავლიან სიმღერას, ცეკვას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს და სომხურ ენას. გარდა ეთნიკური სომხებისა, სომხურის სასწავლო პროგრამის მომხმარებელნი ასევე არიან სახელმწიფო ენის სპეციალისტები, რომელთაც საკუთარი საქმიანობის ეფექტურობის ასამაღლებლად ( სომხურენოვან სოფლებში ქართულის სწავლებისას) ესაჭიროებათ სომხური ენის ცოდნა. მიუხედავად ამისა, ენობრივი ბარიერი ხშირ შემთხვევაში არსებობს და წარმოადგენს დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმატებული ჩართულობისთვის.
გაიმართა დისკუსია კულტურული პროდუქტის, მომსახურებისა და საქმიანობის სფეროში შემოთავაზებისა და მოთხოვნის შესაბამისობის საკითხზე, მენეჯმენტის ხარისხზე – რამდენად აქტუალური და საკმარისია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, რამდენად ხელმისაწვდომია ახალგაზრდობისათვის გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობა, რამდენად პასუხობს დაგეგმილი კულტურული საქმიანობა მოქალაქეების სურვილებს, ახალგაზრდობის გემოვნებას; ასევე, რამდენად დაკმაყოფილებულია მოქალაქეების სხვადასხვა კულტურული მოთხოვნები კონსენსუსის მიღწევა ამ საკითხზე რთული აღმოჩნდა.
ზოგადი რეკომენდაციის სახით გამოიკვეთა დეცენტრალიზაციის და კულტურული დემოკრატიზაციის საკითხების გადაწყვეტა.

31 ივლისი, თბილისი (შეხვედრა 5)

31 ივლისს, ევროპის სახლში (თბილისი) პროექტის ფარგლებში მეხუთე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემები:
• მედიის მრავალფეროვნების გაფართოების ხელშეწყობა, როგორც კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობისაკენ მიმართული ზომები.
• სუვერენიტეტის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის საკითხები
• კონვენციის იმპლემენტაციისთვის ხელშემწყობი გარემოს საკითხები
• კონვენციის იმპლემენტაციისათვის ინფორმაციის გაცვლის, ანალიზის და გავრცელების პრობლემები
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კულტურის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებმა.
პროექტისა და კონვენციის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს მედიაში კულტურის სფეროს გაშუქებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, მიუთითეს ამ სფეროში პროფესიონალი ჟურნალისტების ნაკლებობაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე კულტურის სფეროში მომუშავე რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შორის პროფესიული მომზადების სერიოზულ დეფიციტზე .
აღინიშნა, რომ ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებში არ არსებობს კულტურის ბლოკი. ამ კონტექსტში განიხილეს კულტურის სფეროს გასაშუქებლად მედიის მოტივირების შესაძლებლობები, ამასთან მიმართებით სახელმწიფოს როლი და ირიბი ხელშეწყობის ზომები.
მონაწილეთა აზრით, კულტურის გაშუქება კონცენტრირებულად მხოლოდ დედაქალაქის მოვლენებთან დაკავშირებით ხდება, ხოლო აუცილებელია, რომ ინფორმაცია მთელი საქართველოს კულტურულ ცხოვრებას მოიცავდეს; ამდენად, სასარგებლო იქნება მეტი დეცენტრალიზაცია და საინფორმაციო წყაროების დივერსიფიცირება.
პრობლემად დასახელდა მედია საშუალებების მიერ კულტურის სხვადასხვა დარგების პრიორიტეტულობის განსაზღვრის კრიტერიუების: ამა თუ იმ დარგის ლიდერობა საინფორმაციო ბადეში ხშირად განპირობებულია მედია საშუალებების ხელმძღვანელობის გემოვნებით და პირადი დაინტერესებით, და არა სისტემატური კვლევის შედეგების საფუძველზე გამოვლენილი პრიორიტეტებით.
მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მედია პროექტების სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება, რაც უმეტესად პოლიტიკური ნების არსებობასა და პირად ნაცნობობაზეა დამოკიდებული. პესიმისტური განწყობა არსებობს თანამედროვე ხელოვნების დაფინანსებასთან დაკავშირებით და ასევე მედიის მიერ ამ საკითხით დაინტერესების თაობაზე.
დისკუსიის საგანი იყო მედიის, როგორც მაღალი კულტურის პოპულარიზაციისა და დამკვიდრების ინსტრუმენტის როლი და პასუხისმგებლობა. განხილულ იქნა კონფლიქტი სხვადასხვა მედია-პროდუქტის ფინანსურ მომგებიანობასა და კულტურულ ღირებულებას შორის.
მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა სახელოვნებო პუბლიკაციების (როგორც ბეჭდური, ისე ინტერნეტ-გამოცემები, პლატფორმები), ასევე ზოგადად ხელოვნების დარგში კრიტიკის ნაკლებობა ან არარსებობა.
განათლებისა და პროფესიონალიზაციის საკითხების განხილვისას, მონაწილეებმა მოიწონეს რეკომენდაცია რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებისთვის სტაბილური ტრენინგ-ცენტრის შექმნის თაობაზე.
დისკუსია გაიმართა კულტურის მნიშვნელობაზე სოციალური ერთობისთვის : საუბარი შეეხო იძულებით გადაადგილებულ პირთა სუბკულტურას; აღინიშნა, რომ არ ხდება მისი სათანადო შესწავლა და გაშუქება.
მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მდგრადი, ხანგრძლივი კულტურული პროექტების არსებობის აუცილებლობას და მედიის მრავალფეროვნებისათვის სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობას.

16 ივნისი, ქუთაისი (შეხვედრა 4)

16 ივნისს ქუთაისში პროექტის ფარგლებში მეოთხე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემები:
• საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებათა და პასუხისმგელობათა საკითხები
• მედიის ჩართულობა, ინფორმაციის მიწოდების/გაცვლის პრობლემები
• კულტურის სფეროში ზოგადი და პროფესიული განათლების საკითხი
• საზოგადოების თვითორგანიზების საკითხი
• ადგილობრივი თვითმმართველობის როლი კულტურის განვითარებაში; ხარისხის უზრუნველყოფის პრობლემები; საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების მენეჯერებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, ხელოვანებმა და სტუდენტებმა.
პროექტისა და კონვენციის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა მაია ნიკოლაიშვილმა.
განხილვის საგანი იყო ის პრობლემები, რომლებიც ახასიათებს ქუთაისის (და, უფრო ფართოდ, იმერეთის რეგიონის) კულტურის სფეროს.
განათლება დასახელდა ერთ-ერთ ძირითად პრობლემად – სხვადასხვა კონტექსტში ამ პრობლემის იდენტიფიცირება თითქმის ყველა მონაწილემ მოახდინა.
გაიმართა დისკუსია ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით, მონაწილეებმა ისაუბრეს ორგანიზაციების, ადგილობრივ თვითმმართველობასა და მედიას შორის ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებულ სირთულეებზე.
ხელოვანთა მობილობის შესახებ კონვენციის მუხლის განხილვისას, აღინიშნა ასეთი მობილობის შესაძლებლობის დიდი მნიშვნელობა ხელოვანთა განვითარებისთვის. ძირითად დამაბრკოლებელ ფაქტორად დასახელდა ფინანსების ნაკლებობა.
მონაწილეებმა აღნიშნეს პრობლემები საზოგადოების თვითორგანიზებასთან დაკავშირებით და მიუთითეს კერძო ინიციატივის არარსებობაზე. მათ ხაზი გაუსვეს უკანასკნელის მნიშვნელობას, რისთვისაც მოიყვანეს ისტორიული მაგალითები. ამავე კონტექსტში აღინიშნა ზედმეტი დამოკიდებულება მუნიციპალურ რესურსებზე.
დისკუსიის დროს ასევე განხილულ იქნა ხარისხის კონტროლის აუცილებლობა, მედიის მიერ შესაბამისი გაშუქების საჭიროება.

30 მაისი, თბილისი (შეხვედრა 3)

30 მაისს ევროპის სახლში პროექტის ფარგლებში მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემები:

• სახელმწიფო კულტურის პოლიტიკის საკითხები: ხარისხის პრობლემები
• მედიის პროფესიონალიზაციის საკითხები
• საზოგადოების განათლების, ცნობიერების ამაღლების საკითხები
• განათლების როლის საკითხი კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში;

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კულტურის პოლიტიკის ექსპერტებმა და ხელოვნების მენეჯერებმა.
პროექტისა და კონვენციის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.
განხილვის საგანი იყო კონვენციის იმლემენტაციისათვის სამოქალაქო სექტორის აქტიური პოზიციის არსებობის აუცილებლობა და სახელმწიფოზე მისი ზემოქმედების ხერხები.
გაიმართა დისკუსია სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის პასუხისმგებლობათა შეპირისპირების თემაზე, სახელმწიფო რეგულაციებზე, მონიტორინგზე და მის არადამაკმაყოფილებელ შედეგებზე.
მონაწილეებმა იმსჯელეს სახელმწიფოს მიერ ორიენტაციაზე მონიტორინგის რაოდენობრივ და ფინანსურ მხარეზე, და ამავდროულად, ხარისხზე ორიენტირებული მონიტორინგის არარსებობაზე ან უკმარისობაზე; ასევე იმგვარი კანონმდებლობის, რეგულაციების და პირობების არსებობაზე, რომელიც მხოლოდ ბიუროკრატიული აპარატის ინტერესებს ერგება, ხოლო განვითარებასა და ხარისხზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მედიის პროფესიონალიზაციის პრობლემები. კერძოდ, რამდენად საკმარისი, ხარისხიანი და კორექტულია კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის პროპაგანდა მედია საშუალებების მიერ.

პრობლემათა კარტირებისას საზოგადოების განათლების დაბალი დონე გამოიკვეთა: მიზეზად დასახელდა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად მიმართული ღონისძიებების უკმარისობა და ხარისხის არადამაკმაყოფილებელი დონე; კულტურის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამათა არასაკმარისი ხარისხი და რაოდენობა.

გაიცა რეკომენდაციები:
– გარე /პროფესიული საზოგადოების მიერ განხორციელებული / მონიტორინგის აუცილებლობა.
-განათლების როლის მნიშვნელობის ადეკვატურად გაცნობიერება და წამოწევა კულტურული თვითგამოხატვის დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში;
-სახელმწიფოს მიერ შემოქმედებითი მუშაკებისა და კულტურული თვითგამოხატვის საქმიანობაში ჩართული ადამიანების წახალისება პროფესიონალიზაციის მხარდაჭერით.

8 მაისი, თელავი (შეხვედრა 2)

8 მაისს, თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  პროექტის ფარგლებში მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემები:
• საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებათა და პასუხისმგელობათა საკითხები
• კულტურულ პროცესში თანაბარი მონაწილეობისა და შედეგით სარგებლობის უფლების განხორციელება
• ხელოვანთა მდგომარეობის საკითხები
• კულტურის მნიშვნელობა სოციალური ერთობისთვის

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თელავის კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებმა, მუნიციპალური კულტურის სამსახურის ააიპების ხელმძღვანელებმა.
პროექტისა და კონვენციის დოკუმენტის პრეზენტაცია წარმოადგინა ნინო გუნია-კუზნეცოვამ.
განხილვის საგანი იყო კონვენციის იმპლემენტაციისათვის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის შექმნის აუცილებლობა.
გაიმართა დისკუსია კონვენციის ამოცანებისა და ლოკალური საჭიროებების შესაბამისობის თაობაზე, ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაში პროექტის სარგებლიანობის შესახებ. განხილულ იქნა კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების საკითხები. განხორციელდა პრობლემების კარტირება.

დისკუსიაში აქტიურად იყო ჩართული ყველა მონაწილე.
პრობლემათა შორის უპირველესად დასახელდა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის არამდგრადობა და ახალგაზრდათა გადინება სფეროდან.
მწვავე დისკუსია გაიმართა ხელოვანთა მდგომარეობის საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ
ეკონომიური პრობლემებიდან გამომდინარე კულტურულ პროცესში თანაბარი მონაწილეობისა და შედეგით სარგებლობის უფლების განხორციელების შესაძლებლობის შეზღუდვის თაობაზე;
სახელმწიფოს მიერ შემოქმედებითი მუშაკებისა და კულტურული თვითგამოხატვის საქმიანობაში ჩართული ადამიანების არასაკმარის წახალისებასა და მხარდაჭერაზე.

შეხვედრაზე თვალსაჩინოდ გამოიკვეთა კულტურის მნიშვნელობა სოციალური ერთობისათვის;
გაიმართა დისკუსია საზოგადოებაში ქალების სტატუსისა და როლის ამაღლებისათვის კულტურის პოტენციალის გამოყენების თაობაზე; ასევე აღინიშნა ინკლუზიური პროექტების ზრდის აუცილებლობა და მათი მხარდაჭერის/ დაფინანების წყაროების მოძიების სირთულე; გაანალიზდა სოციალურ კოჰესიასა და კულტურულ მრავალფეროვნებას შორის კავშირი.

მეორე სესიის დასასრულს მონაწილეებმა პასუხი გასცეს შემუშავებულ კითხვარებს.