პარტნიორები

europe house
ევროპის სახლი

ევროპის სახლი არის არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ევროპული ფასეულობების წარმოჩენა და საქართველოსა და ევროპას შორის ურთიერთობების გაღრმავება კულტურის, განათლებისა და სამოქალაქო დიალოგის გზით, ქართული კულტურის განვითარების და საერთაშორისო სარბიელზე მისი პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

ევროპის სახლის საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს. ესენია: სამოქალაქო დიალოგი, კულტურა და განათლება.

სამოქალაქო დიალოგის პროგრამის მიზანია საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავება. ის ჰქმნის ფორუმს ღია დიალოგის დასამყარებლად და ამ ქვეყნების მოქალაქეებს და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე პირებს სთავაზობს საჯარო დისკუსიებში სხვადასხვა სფეროში მიღებული გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარების შესაძლებლობას. ამგვარი ღია დისკუსიები, საჯარო ლექციები და შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს. სამოქალაქო დიალოგის პროგრამის ფარგლებში ევროპის სახლს საერთაშორისო დონორებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების მხარდაჭერით განხორციელებული აქვს მრავალი სხვა პროექტიც. მათ შორისაა ნდობის აღდგენის ხელშემწყობი ინიციატივები, დისკუსიების სერია „საქართველო ევროკავშირსა და რუსეთს შორის“, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაცნობა საზოგადოებისთვის და სხვა.

კულტურის პროგრამა ემსახურება ევროპული ხელოვნების უკეთ გაცნობას ქართული საზოგადოებისთვის და მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის პარტნიორული კავშირების დამყარებას, რაც გულისხმობს საქართველოს მეტ ჩართულობას და ჰარმონიზაციას ევროპულ ოჯახთან კულტურული მრავალფეროვნების დაცვის კუთხით. პროგრამა ასევე ემსახურება ქართული ხელოვნების განვითარებას და მის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე. კულტურა განიხილება ცვლილებებისა და სოციალური ინოვაციის მძლავრ ინსტრუმენტად. პროგრამა მოიცავს სახვითი ხელოვნების რეგულარულ გამოფენებს, კინო-ჩვენებებს, კონცერტებსა და სხვა საჯარო ღონისძიებებს ევროპელ და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი ცოდნის შესაძენად დამატებითი შესაძლებლობების შექმნა. კონფერენციების, სემინარების, ტრენინგებისა და ვორკშოპების მეშვეობით საგანმანათლებლო მიმართულება ახალგაზრდა პროფესიონალებს თანამედროვე უნარ-ჩვევების შეძენის საშუალებას და ევროპაში სწავლის შესაძლებლობებზე ინფორმაციას სთავაზობს.

დაარსების დღიდან (2009 წ.), ევროპის სახლმა განავითარა და განახორციელა მრავალი პროექტი და ღონისძიება, როგორიცაა კონფერენციები, მრგვალი მაგიდები, გამოფენები, ფესტივალები, ფილმის ჩვენებები, ლიტერატურული საღამოები და წიგნის წარდგენები, სემინარები, ტრენინგები, სასწავლო მოგზაურობები და ნდობის აღდგენის მხარდამჭერი ინიციატივები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ევროპის კვირეული, რომელიც აერთიანებს დებატების სერიას ევროპელი საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკოსების, ხელოვანების და სხვა სფეროების წარმომადგენლების მონაწილეობით (http://www.europeanweek.ge). ევროპის სახლის პროგრამები დიდი ინტერესით სარგებლობს, რაც მის ღონისძიებებში და პროექტებში მონაწილეობის მაღალი მაჩვენებლით დასტურდება. ორგანიზაცია აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელსაც (Facebook – Europe House Georgia).

ევროპის სახლი ძველი თბილისის შუაგულში, თავისუფლების მოედანზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაში მდებარეობს. მის ღონისძიებებს ამ შენობაში არსებული ორი საგამოფენო-საკონფერენციო დარბაზი მასპინძლობს. ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ევროპის სახლის კარი ღიაა ყველასათვის, ვინც იზიარებს მის ღირებულებებს.

საქართველო, თბილისი, 0105,
შ. დადიანის ქ. 2
ტელეფონი: +(995 32 2) 470312
www.europehousegeorgia.org
info@eh.org.ge

 

ministry
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

საქართველო, თბილისი, 0105,
სანაპიროს ქ. 4
პრესსამსახური: 2996377
ცხელი ხაზი: 1406
საქმის წარმოების სამმართველო: 2987430
www.culture.gov.ge
pr@culture.gov.ge